პრორუსული ძალები

კაპანაძე: ხელისუფლებამ თვითონ გააპარპაშა საქართველოში პრორუსული ძალები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, "ხელისუფლებამ თვითონ გააპარპაშა საქართველოში პრორუსული ძალები". კაპანაძე ცინიკურს უწოდებს ქართული ოცნების წევრების კრიტიკულ განცხადებებს, ვლადიმერ ბედუკაძის პარტიასთან დაკავშირებით. ენმ-ის წევრი აღნიშნავს, რომ ბედუკაძე სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ "აქცია გმირად". ამასთან, კაპანაძის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავადაც მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, პარტია ცენტრისტების გაუქმების მოთხოვნით.  

"ასეთი პარტიის არსებობა და მათი მხრიდან მსგავსი შინაარსის რეკლამის გაშვება საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სერიოზული ნაბიჯი, ეს ხელს უწყობს რუსული პროპაგანდის გავრცელებას, აზიანებს ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობას. ამიტომ, ის რეაქცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ ფაქტზე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, არის მისასალმებელი. ჩვენ ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება და ის შინაარსი, რომელსაც შეიცავდა მათი პოლიტიკური რეკლამა, არის ანტიკონსტიტუციური. ჩვენ უახლოეს მომავალში, შეიძლება, დღესვე, საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება ცნოს არაკონსტიტუციურად", - თქვა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში მთავარი სულ სხვა რამეა. ენმ-ის წევრის თქმით, "მთავარია, როგორ მოვედით აქამდე, რამ შეუწყო ხელი ასეთი ტიპის განვითარებებს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში".

სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ "დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების მოგებას დიდწილად ბატონ ბედუკაძეს უმადლის. ამის მერე, ბედუკაძე აქციეს გმირად. ის არა მხოლოდ გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან ისეთ დანაშაულზე, როგორიც არის წამება და სასტიკი მოპყრობა, არამედ ჰყავთ ყველანაირ პატივში - მას იცავს სახელმწიფო დაცვა, არის საინფორმაციო სააგენტოს მფლობელი, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე პარტია ცენტრისტები გახადა საყოველთაო განხილვის საგნად. მას არანაირი ხელშეშლა არ ჰქონია ამ პერიოდში, ის დღესაც დიდი ალბათობით ფინანსდება ხელისუფლების მხრიდან, ბედუკაძე თანამშრომლობს ხაინდრავას სტუდიასთან".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ვლადიმერ ბედუკაძის გუშინდელი განცხადება ბიძინა ივანიშვილზე "ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელია". შესაბამისად, კაპანაძის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების გუშინდელი განცხადებები და შეშფოთება ცენტრისტების პოლიტიკურ რეკლამაზე, "არის ცინიზმი და ორპირობა".

"ეს არის ხელისუფლება, რომელმაც თვითონ გააპარპაშა საქართველოში პრორუსული ძალები, როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე არასამთავრობოები. ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ აფინანსებს იმ მედიას, რომელიც ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ავრცელებენ რუსულ მესიჯბოქსს. სწორედ ბიუჯეტიდან, სახემწიფო უწყებების მიერ ფინანსდება პრორუსული მედია. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მარტო ამ პარტიას კი არა, სხვა პრორუსული გზავნილის მქონე პოლიტიკურ პარტიებსაც შეუწყო ხელი, რომელმაც გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები. შესაბამისად, ამ ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბატონ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას", - განაცხადა კაპანაძემ და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დასრულდება ოქტომბერში.

"არა მარტო პროდასავლური ძადების კონსოლოდაციას მოვახდენთ, არა მარტო შეუქცევადს გავხდით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, არამედ მთავარ ამოცანად გავხდით ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას", - თქვა კაპანაძემ.

პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები ფიგურირებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემოდა. პარტიის პირველი დაპირებაა - "რუსული პენსია 400 ლარის ოდენობით", მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება.

სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვება შეაჩერა. როგორც GPB-ის განცხადებაშია აღნიშნული, მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

ამის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში ცენტრისტების რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვს. ბედუკაძის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს რესპუბლიკური პარტია და არასამთავრობო სექტორიც.

ვლადიმერ ბედუკაძის პარტია "ცენტრისტების" შესახებ სპეციალური განცხადება საქართველოს პრემიერმაც გაავრცელა. სამპუნქტიანი მიმართვით, გიორგი კვირიკაშვილი მედიას მოუწოდებს, არ გახდეს ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის მსხვერპლი და ტირაჟირებამდე თავად განსაჯონ ამა თუ იმ მიმართვის შინაარსი. პრემიერის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ქვეყანაში არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა.

კომენტარები