საგარეო ვაჭრობა

ივლისში ექსპორტთან ერთად იმპორტიც შემცირდა

independent.co.uk

საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც ივლისში ექსპორტთან ერთად იმპორტიც შემცირდა. გასული თვის მანძილზე საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე $173 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით ნაკლებია. უცხოეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ კი $667 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია. 

გასული შვიდი თვის მონაცემებით კი, ექსპორტი $1.1 მილიარდი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. იმპორტმა $5.4 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტია. იმპორტის მატება აშშ-ის გრანტით მიღებულმა C ჰეპატიტის მედიკამენტებმა გამოიწვია, გასული შვიდი თვის მანძილზე ქვეყანაში დაახლოებით $1.5 მილიარდის ღირებულების მედიკამენტების იმპორტი მოხდა, თუმცა მათ სანაცვლოდ საქართველოდან უცხოური ვალუტა არ გასულა. შესაბამისად, რეალური იმპორტის მაჩვენებლები გასულ წელთან შედარებით მცირდება. 

2014 წელს საქართველოში სავალუტო კრიზისის დაწყებამდე (ნოემბრამდე) ექსპორტის მონაცემები დღეს არსებულზე საშუალოდ 30%-ით მეტი იყო და ყოველწლიურად დაახლოებით 5-10%-ით იზრდებოდა. დაახლოებით ასეთივე ტემპებით იზრდებოდა იმპორტის მაჩვენებლები, თუმცა სავალუტო კრიზისის გამო იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლები დაახლოებით 2011 წელს არსებულ დონემდე შემცირდა, რის შედეგადაც საქართველოს ჩართულობა გლობალურ ვაჭრობაში შემცირდა.

ექსპორტის დაზუსტებული მონაცემები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება, სწორედ ამ დღეს გაირკვევა, ივლისში რომელი პროდუქციის ექსპორტი შემცირდა. 

კომენტარები