რუსეთის ფედერაცია

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ზეციურ მფარველად მთავარანგელოზი მიქაელი აირჩიეს

მთავარანგელოზი მიქაელი
Photography: Vassia Atanassova

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ზეციურ მფარველად მთავარანგელოზი მიქაელი აეირჩიეს. უწყების წარმომადგენლის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, ზეციური მფარველი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის ლოცვა-კურთხევით შეირჩა.

მარკინის თქმით, არჩევანი განპირობებულია იმით, რომ „ჯერ ერთი, წმიდა წერილში მთავარანგელოზი მიქაელი ადამიანთა შორის ყოველგვარი უკანონობის წინააღმდეგ მთავარ მებრძოლად გამოისახება, ხოლო გამოცხადების წიგნში გვხვდება როგორც სინათლის მეომარი, მთავარი წინამძღოლი ეშმაკისა და ბნელი ძალების წინააღმდეგ. იკონოგრაფიაში მთავარანგელოზი გამოისახება როგორც შუბით ეშმაკის განმგმირავი, რომელიც წიხლით შემდგარია მდიდარ მოხუცზე (როგორც მექრთამეობისა და სხვა კორუფციულ სამართალდარღვევებთან ბრძოლის სიმბოლო)".

მისივე თქმით, მთავარანგელოზი მიქაელი რუსეთის მრავალ „ტრადიციულ რელიგიაში" გვხვდება (ქრისტიანობაში, ისლამში, იუდაიზმში), მის შესახებ ცნობები კი ძველსა და ახალ აღთქმაში მოგვეპოვება. საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ ეს „უზრუნველყოფს ზეციური მფარველის პატივისცემას, მათ შორის იმ ქვედანაყოფებში, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე არსებობს".

კომენტარები