არჩევნები 2016

ქართული ოცნება დღეიდან საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს

ქართული ოცნება დღეიდან საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. მაჟორიტარი კანდიდატების თქმით, ისინი აპირებენ ამომრჩევლებთან ინტენსიურ შეხვედრებს, მოსახლეობის პრობლემების გაცნობას და მათ გამოსწორებას. საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ქართული ოცნების კანდიდატებმა კონსულტაციები გაიარეს ვიცერემიერ კახა კალაძესთან.

"დაახლოებით ოც სოფელში უკვე შევხვდი შტაბებს, ჩვენს მხარდამჭერებს. იგეგმება კიდევ უფრო ფართო შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც, მივიტანთ იმ საქმეს და ყველაფერს იმ საქმის შესახებ, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ასევე მოვისმენთ მოსახლეობის მოსაზრებებს, შეკითხვებს ვუპასუხებთ და ეს შეხვედრები მიიღებს კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს", - ამბობს ქართული ოცნების ოზურგეთის მაჟორიტარი კანდიდატი არჩილ თალაკვაძე.

"წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე შევიკრიბეთ და ვიწყებთ უკვე აქტიურ კამპანიას. ეს იქნება მოსახლეობასთან შეხვედრები, ჩვენს აქტივთან მუშაობა, მოსახლეობასთან ინდივიდუალური საჯარო შეხვედრები, ყველაფერი, რაც უკავშირდება სააჩევნო კამპანიას", - თქვა საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნინო გოგუაძემ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე 51 დღეა დარჩენილი, ქართულ ოცნებას კი, ჯერ წინასაარჩევნო პროგრამა არ აქვს. მმართველ გუნდს ჯერ არც საარჩევნო სიის პირველი ათეული წარუდგენია. ტაბულას ქართული ოცნების პრესსამსახურში უთხრეს, რომ როგორც კი საარჩევნო პროგრამა და სიის ათეული გახდება ცნობილი, „აუცილებლად შეგატყობინებთ".

საარჩევნო პროგრამა უკვე წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ. ასევე, ცნობილია პაატა ბურჭულაძის პარტიის, თავისუფალი დემოკრატების და გირჩის პროგრამის ნაწილი.

კომენტარები