ოთხპუნქტიანი გეგმა

გოცირიძე: ოთხპუნქტიანი გეგმა არაფერს ნიშნავს, მას დოკუმენტის სახეც კი არ აქვს

ტაბულა

საქართველოს მთავრობა მეექვსე თვეა, რაც პრემიერის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით მოქმედებს. ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა განათლების, ეკონომიკის, საჯარო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის რეფორმებს მოიცავს, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პროგრამას დოკუმენტის სახე არ აქვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ათეულის წევრის რომან გოცირიძის თქმით, ფაქტი, რომ გეგმა ქაღალდზე გადატანილი არაა, ნიშნავს, რომ მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

"გაგვიგია, რომ ახლა მთავრობა მოქმედეს ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით. მე გეუბნებით გულწრფელად, ამ გეგმიდან ვერცერთ პუნქტს დაგისახელებთ. არ მეგულება ადამიანი, ვინც იცის რა არის ამ სამოქმედო გეგმის ნაწილი. არ ვიცით იმიტომ, რომ ეს არ არის ქაღალდზე გადატანილი, შესაბამისად, ის არაფერს არ ნიშნავს. სწორედ ყოველივე ამ უპროგრამობის, არაკომპეტენტურობის, სუსტი გუნდისა, გადაწყვეტილების მიღების დაგვიანების ან მისი მიუღებლობისა და არაფორმალური მმართველობის შედეგი არის ის, რომ კვლავ გრძელდება ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია", - ამბობს რომან გოცირიძე.

2014 წელს მთავრობამ გამოაქვეყნა საქართველოს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი "საქართველო 2020". ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 7%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა რეალობაში პროგრამით გაწერილი პუნქტები ვერ სრულდება, ეკონომიკური ზრდა კი 3%-ია. რომან გოცირიძის თქმით, დოკუმენტი "საქართველო 2020" აჩვენებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას რეალისტური სამოქმედო გეგმის შექმნა არ შეუძლია.

"დოკუმენტს ერქვა "საქართველო 2020", თუმცა ის აღმოჩნდა მკვდრადშობილი დოკუმენტი, ვინაიდან მისი გამოსვლიდან მალევე მოხდა ლარის დევალვაცია, ფასების ზრდა, დაიწყო სავალუტო კრიზისი და ეს დოკუმენტი ფაქტობრივად გადაგდებულ იქნა. ამის მერე ჩვენ არ გვინახავს რაიმე ისეთი საბუთი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა ან პროგრამა", -ამბობს გოცირიძე.

არჩევნებამდე 52 დღით ადრე მმართველ გუნდს საარჩევნო პროგრამაც არ აქვს. ტაბულას ქართული ოცნების პრესსამსახურში უთხრეს, რომ როგორც კი საარჩევნო პროგრამა და სიის ათეული გახდება ცნობილი, მას მედიას აუცილებლად შეატყობინებენ.

კომენტარები