საკონსტიტუციო სასამართლო

პეტრიაშვილი: მოსამართლეები არ შედიან სხდომაზე, რადგან არიან ზეწოლის ქვეშ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოზე ხელისუფლების შეტევა სახეზეა. პეტრიაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლება ახდენს ზეწოლას კონკრეტულ მოსამართლეებზე. მისი თქმით, ე.წ. კაბელების საქმე თავიდანვე ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა იყო.

"ამიტომაც, არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას არ უნდა კაბელების საქმეზე სიმართლის დადგენა. ამიტომაც აჭიანურებს გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესს. ეს ძალიან ცალსახაა. ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ მოექცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი, ხორცილდება მათზე ზეწოლა და, შესაბამისად, შედეგი არის ის, რომ სრულიად გაუგონარი პროცესის მომსწრენი ვხდებით - მოსამართლეები არ დადიან, არ შემოდიან განხილვაზე. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ახდენს ზეწოლას კონკრეტულ მოსამართლეებზე და შედეგად ვიღებთ უპრეცედენტო რამეს - საქმის განხილვა ბოლოშია გასული, უკვე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა დაცვის მხარეს და არ შედიან მოსამართლეები სხდომაზე, რადგან არიან ზეწოლის ქვეშ", - ამბობს პეტრიაშვილი.

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის შეფასებითვე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილის განცხადებები ე.წ. კაბელების საქმის რეგისტრაციის პროცედურულ დარღვევებზე, "თითიდან გამოწოვილი მიზეზების ძიების პროცესია".

"მთავარი მიზეზია ის, რომ ხელისუფლებას არ უნდა ხუთი უდანაშაულო ადამიანის, მძევლის გათავისუფლების საკითხში რაიმე პროგრესის მიღწევა. ხელისუფლების შეტევა საკონსტიტუციო სასამართლოზე სახეზეა და ყველა მიმართულებით, ხელისუფლება ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლის ქვეშ მოქცევას. ამიტომაც, ყველა იმ საქმეზე, რომელზეც იცის ხელსუფლებამ, რომ შეიძლება, მისთვის არასახარბიელო განაჩენი დადგეს, ახდენს ზეწოლას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე. ასე რომ, ბოლო პერიოდში რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ცალსახად ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგი ხელისუფლების მხრიდან", - აცხადებს პეტრიაშვილი ტაბულასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, 2 აგვისტოს უნდა შეკრებილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. მათ გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმე უნდა განეხილათ. სხდომა გადაიდო, რადგან ცხრა მოსამართლიდან სასამართლოში მხოლოდ ოთხი მივიდა. მოსამართლეების ნაწილმა სხდომაზე არმისვლის მიზეზად, დიპლომატებთან შეხვედრა დაასახელა. ამასთან, მათი მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი კი, მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეების განხილვაში მონაწილეობაზე უარს ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე ამბობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები