არჩევნები 2016

ეროვნულმა ფორუმმა საარჩევნო პროგრამა და მაჟორიტარობის ექვსი კანდიდატი წარადგინა

ეროვნულმა ფორუმმა საარჩევნო პროგრამა და მაჟორიტარობის ექვსი კანდიდატი წარადგინა.

პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების პირველი ექვსეული: დავით დარახველიძე – გლდანი/მუხიანი, ანი მიროტაძე – ჭიათურა, თემურ მაისურაძე – ნაძალადევი, რევაზ შავიშვილი – საბურთალო, გიორგი ხეჩინაშვილი – ვაკე, სოსო ვახტანგაშვილი – გორი.

საარჩევნო პროგრამა პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი მოისმენენ შენიშვნებს პროგრამის შესახებ და ამომრჩევლებს მხოლოდ ამის შემდეგ დაურიგებენ ბეჭდური სახით.

"ეროვნული ფორუმის პროგრამა განმასხვავებელი იქნება პრიორიტეტებით. ჩვენი პრიორიტეტები იქნება უსაფრთხოების საკითხები, განათლების სფერო. ამასთან, სოციალური დარგში პარტია განსხვავებულ მიმართულებას შემოგთავაზებთ. პენსიებთან დაკავშირებით, ციფრებს არ ვიტყვით, ჩვენ დავასახელებთ უნივერსალურ ფორმულას, რომლითაც სამომავლოდ ქართულმა სახელმწიფომ უნდა იხელმძღვანელოს", – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ.

ეროვნული ფორუმის პროგრამაში წერია, რომ "ქვეყანა რადიკალური რეფორმების განხორციელების გარეშე ვერ განვითარდება, „გაიჭედება" მუდმივი სტაგნაციის მდგომარეობაში და ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპებით კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვერ დაძლევს სიღარიბეს". დოკუმენტში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაციასა და არაეფექტური ხარჯების შემცირებაზეც არის საუბარი. გარდა ამისა, ეროვნულ ფორუმს სურს, "სრულად დაინერგოს „ელექტრონული მთავრობის" სისტემა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საკანცელარიო და კომუნალურ დანახარჯებს".

კომენტარები