ობამაქეარი

სადაზღვევო კომპანიები ობამაქეარს ტოვებენ, მათთვის პროგრამა წამგებიანია

nbcnews.com

ამერიკულმა სადაზღვევო გიგანტმა Aetna-მ ბარაკ ობამას ინიციატივით შექმნილ ჯანდაცვის პროგრამაში (ობამაქეარში) მონაწილეობის შემცირება გადაწყვიტა. Aetna-მ ეს გადაწყვეტილება ობამაქეარისგან მიღებული $430-მილიონიანი წაგების გამო მიიღო.

Aetna დღეისთვის ობამაქეარის პროვაიდერი 15 შტატშია, 2017 წლიდან კი ის მხოლოდ ოთხ შტატში, ნებრასკაში, დელავერში, ვირჯინიასა და აიოვაში გააგრძელებს ოპერირებას. Aetna-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ "კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება რისკების დაბალანსების გარეშე შეუძლებელია". კომპანიას ოპერირების რისკები 2016 წელს გაეზარდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სუბსიდია ობამაქეარის პოლისების მფლობელთა ჯანდაცვის ხარჯებს ვეღარ ფარავდა, რამაც კომპანიას ნახევარი წლის მანძილზე $430-მილიონიანი ზარალი მოუტანა.

პროგრამის წამგებიანობის გამო მსგავსი ნაბიჯი გადადგა აშშ-ის უმსხვილესმა სადაზღვევო კომპანია United Healthcare-მაც, რომელმაც ობამაქეარის პროგრამების უმეტესი ნაწილის დატოვების შესახებ 2016 წლის აპრილში განაცხადა. ბაზრის შემცირების გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანია Humana-მაც მიიღო. ჯამში Humana და Aetna 1.7 მილიონ ადამიანს აწვდიდნენ ობამაქეარს.

Aetna სადაზღვევო ბაზრის მესამე უმსხვილესი მოთამაშეა, ის ბაზრის კიდევ ერთი მსხვილი წევრის Humana-ს შესყიდვას გეგმავდა, თუმცა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამ კომპანიათა გაერთიანების წინააღმდეგ საქმე აღძრა. აშშ-ის მთავრობა შიშობს, რომ ამ კომპანიათა გაერთიანებით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის მდგომარეობა დაირღვევა.

2010 წელს ობამაქეარის ანუ პაციენტთა დაცვისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის (ACA) მიღების მიზანს მოსახლეობის, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონეთა სისტემაში ჩართვა წარმოადგენდა. დღეის მდგომარეობით პროგრამით 12.7 მილიონი ადამიანი სარგებლობს. ობამაქეარმა ასევე გააფართოვა აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა მედიქეიდი.

მთავარი პრობლემა, რაც ობამაქეარს აქვს, არის ის, რომ სახელმწიფო სუბსიდია მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდებისთვის საკმარისი არაა. თავდაპირველი ვარაუდის მიხედვით, პროგრამაში ახალგაზრდები ჩაერთვებოდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალგაზრდების დაზღვევით უზრუნველყოფა შედარებით იაფი დაჯდებოდა. თუმცა სინამდვილეში ობამაქეარის პოლისის მფლობელები გახდნენ ადამიანები, რომელთა ჯანდაცვით უზრუნველყოფა წინაწარ განსაზღვრულზე ძვირი დაჯდა.

აშშ-ში ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 17% ანუ დაახლოებით $3 ტრილიონი იხარჯება. ეს ის თანხაა, რასაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად ჯანდაცვაზე ხარჯავენ. ობამაქეარის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფოს წილი მთლიან ჯანდაცვაში 52%-ს გადასცდა. ამავდროულად, საჯარო სექტორის ხარჯები კერძო სექტორის ხარჯებზე უფრო მზარდია, რის გამოც ზრდის არსებული ტემპებით 2024 წლისთვის სახელმწიფოს წილი ჯანდაცვაში 56%-მდე გაიზრდება. 

ჯანდაცვის ხარჯების ზრდა აშშ-ში ფისკალურ რისკებს არ შექმნიდა, ქვეყნის ბიუჯეტი დაბალანსებული რომ ყოფილიყო, თუმცა ქვეყანა ხარჯების ზრდას ვალის აღებით აფინანსებს. 

კომენტარები