სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მერკელი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის პერსპექტივას ვერ ხედავს

Politico.eu

"რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის მიზეზი არ არსებობს, რადგან მოსკოვს მინსკის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში აღებული არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებია", - ამბობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი Redaktions Netzwerks Deutschland (RND)-თან მიცემულ ინტერვიუში.

გერმანიის კანცლერის თქმით, სწორედ რუსეთმა გამოიწვია კრიზისი 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერით. "ევროპა ვალდებული იყო, რეაგირება მოეხდინა ძირითადი პრინციპების ამ დარღვევაზე", - თქვა მან.

2016 წლის ივნისში ევროკავშირმა რუსეთისთვის ენერგეტიკის, ფინანსებისა და თავდაცვის სფეროებში სანქციების გახანგრძლივება მომავალი წლის იანვრამდე გადაწყვიტა.

უკრაინაში რუსეთის მადესტაბილიზირებელი მოქმედებების გათვალისწინებით, ევროპის კავშირმა მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წლის ივლისში მიიღო. 2015 წლის მარტში ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ სანქციების ხანგრძლივობა მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებაზეა დამოკიდებული.

კომენტარები