რუსეთის ფედერაცია

რუსეთში IRI "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადეს და საქმიანობა აუკრძალეს

Getty Images

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად" მიიჩნიეს. ორგანიზაციას, რომელსაც აშშ-ის სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს, ამიერიდან რუსეთში საქმიანობა აეკრძალება.

არასასურველთა სიაში, IRI-ის გარდა, მოხვდა მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდიც (MDIF). განცხადებაში, რომელიც რუსეთის პროკურატურამ 18 აგვისტოს გაავრცელა, წერია, რომ ეს ორი ჯგუფი რუსეთის კონსტიტუციურ წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი 1983 წელს დაარსდა. 1993 წლიდან მას ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია ათობით ქვეყანაში მუშაობს და მისი დეკლარირებული მიზანი მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაა. IRI-იმ რუსეთში ოფისი ჯერ კიდევ 2012 წელს დახურა.

რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, IRI ამბობს, რომ „ეს სვლა მეტს მეტყველებს ვლადიმერ პუტინზე, ვიდრე IRI-ზე" და „კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მას ეშინია დემოკრატიის და ხალხისთვის შესაძლებლობის მიცემის, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი".

კანონი „არასასურველი უცხოური ორგანიზაციების შესახებ" რუსეთში 2015 წლის მაისში მიიღეს.ის პროკურატურას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალდებულებს, შექმნან მსგავსი ორგანიზაციების ოფიციალური სია და კანონგარეშე გამოაცხადონ ისინი.

სიაში, რომელიც კანონის ძალაში შესვლიდან ერთ თვეში შედგა, თავდაპირველად 12 ორგანიზაცია იყო. მათ შორის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ფონდი ღია საზოგადოება (სოროსის ფონდი) და სხვა.

კომენტარები