თურქეთი-ევროკავშირი

იუნკერი: თურქეთი უვიზო რეჟიმს მხოლოდ პირობების შესრულების შემთხვევაში მიიღებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თურქეთი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს 2016 წლის ოქტომბერში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ისინი ევროკავშირის ყველა მოთხოვნას, მათ შორის, ანტიტერორისტული კანონის რეფორმირებასაც შეასრულებს. მისი თქმით, თურქეთმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ანტიტერორისტული კანონის ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ გამოყენება და ეს მოთხოვნა არა მხოლოდ თურქეთის ხელისუფლებას, არამედ თურქ ხალხსაც ეხება.

"უვიზო რეჟიმის საკითხი, რომელიც ლტოლვილების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება, ძალაში პირველი ოქტომბრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ თურქეთი ყველა პირობას შეასრულებს. ანტიტერორისტული კანონი ციხეში მყოფი ინტელექტუალების, მეცნიერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არ შეიძლება გამოიყენებოდეს. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლას ვუწოდებთ", - აღნიშნა იუნკერმა.

ცნობისთვის, 1 კვირის წინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თუ თურქეთი ოქტომბრამდე ვიზალიბერალიზაციას არ მიიღებს, მაშინ მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით დადებულ შეთანხმებას დაარღვევს.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გადატრიალების ორგანიზებაში ფეთულა გიულენს ადანაშაულებს. სტამბოლის სასამართლომ გიულენის დაკავების ორდერიც გასცა. თავად გიულენი კი ბრალდებას უარყოფს.

მომხდარის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. მათ შორის არიან 15 200 მასწავლებელი და 1500 დეკანი. გარდა ამისა, თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ ყველა მეცნიერს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია დაიხურება, სამხედრო აკადემიების ნაცვლად კი დაარსდება ნაციონალური სამხედრო უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება.

კომენტარები