რიო 2016

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ თემურ ყაზარაშვილი მსაჯობას ჩამოაშორა

მსაჯი თემურ ყაზარაშვილი
worldsport.ge

Inside the games-ის ცნობით, ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ (United World Wrestling) უმაღლესი კატეგორიის მსაჯი თემურ ყაზარაშვილი საქმიანობიდან მოკვეთა.

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ რიო 2016-ზე "მსაჯობის საეჭვო მანერის" გამო ყაზარაშვილთან ერთად, სამხრეთ კორეელი ტონ კინ ჩონი და რუსი არბიტრი სერგეი ნოვაკოვსკიც მოკვეთა.

ფედერაციის გადაწყვეტილების მიზეზი მსაჯთა ამ სამეულის მიერ განსჯილი ოლიმპიური თამაშების 1/4-ფინალური შეხვედრა პუერტორიკოელ ფრანკლინ გომესსა და უზებკ იხტირ ნავრუზოვს შორის გახდა. ფედერაციის ეთიკური კომისია აღნიშნული შეხვედრის გარემოებების გამოძიებას აპირებს და საჭიროების შემთხვევაში მსაჯებს სანქციებით დასჯასაც არ გამორიცხავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყაზარაშვილმა რიო 2016-ზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 85 კგ-მდე კატეგორიის ფინალური შეხვედრაც იმსაჯა, რომელიც რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით ჩაკვეტაძის და უკრაინელ ჟან ბელენიუკს შორის გაიმართა. ფინალური შეხვედრა ჩაკვეტაძის გამარჯვებით დასრულდა და შეხვედრის დასრულებისთანავე უკრაინის სპორტის მინისტრმა პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ უკრაინელი სპორტსმენის მარცხი მსაჯის უკანონო გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

კომენტარები