რიოს პარაოლიმპიადა 2016

პარაოლიმპიადის გახსნაზე ბელარუსი სპორტსმენები რუსეთის დროშასაც გაიტანენ

nr2.com.ua

ბელარუსის პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ოლეგ შეპელის განცხადებით, რიოში, პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ბელარუსი სპორტსმენები, რუსეთის მხარდაჭერის მიზნით, თავიანთი ქვეყნის დროშასთან ერთად რუსეთის დროშასაც გამოიტანენ.

ეს განცხადება შეპელმა Sputnik Беларусь-თან ინტერვიუში მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამით მან ძალაში დატოვა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ 7 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, რუსი სპორტსმენები პარაოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

შეპელის თქმით, რუსი პარაოლიმპიელების თამაშებზე არ დაშვება პოლიტიკური ხრიკია, რომლის მიზანიც რუსეთის გატეხვაა.

"თუმცა მათ არ ესმით, რომ რაც უფრო ცუდად გრძნობს რუსეთი თავს, მით უფრო შეკრულია მისი ხალხი" - აცხადებს ბელარუსის პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.

2016 წლის პარაოლიმპიური თამაშები 7-დან 18 სექტემბრამდე რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდება.

კომენტარები