ტერორიზმის მცდელობა

მაგისტრალური მილსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაგისტრალური მილსადენის აფეთქების მცდელობისთვის დაკავებულ შვიდივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ახნა გარემოებით, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, დაკავებულებს კი გამოძიების პროცესის ხელის შეშლა და მტკიცებულებათა ფალსიფიცირება შეუძლიათ. დაკავებულთა ადვოკატების თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეზე არასანქცირებული სატელეფონო მოსმენები გამოიყენა, რაც ამ მტკიცებულებების არადასაშვებად ცნობის საფუძველს იძლევა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი და მოქმედი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. იზორიას თქმით, საზოგადოება მალე შეიტყობს, თუ ვინ იყო ამ პირებისთვის ტერორისტული აქტის ჩადენის დამკვეთი.

დაკავებულთა ადვოკატი მაია ჭრელაშვილი საქმის გარემოებებზე საუბრობს, მისი თქმით, ბექა ბექაური და კიდევ ორი დაკავებული არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ისინი ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან". ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ აქტი ქვეყანაში მხოლოდ რუსული ობიექტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ის, რასაც დაკავებულები რუსულ ობიექტს უწოდებენ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენებული მაგისტრალური მილსადენია. ეს მილსადენი სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი წყაროა, საქართველოზე კი მისი 221-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის.

საქმეზე შემდგომი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები