საქართველოს მთავრობა

აბესაძე: შპს-ს შექმნა და ჯაჭვლიანის დასაქმება ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, თეთნულდის კურორტის განსავითარებლად სახელმწიფო შპს-ის შექმნა და მის ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანის დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს.

"მაშინ, როცა უმუშევრობა ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა, ხელისუფლებამ კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთა, როდესაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობის სხდომას დიდი იმედით უყურებენ, რომ მათ სასარგებლოდ ითქვას და გაკეთდეს, პრემიერის გადაწყვეტილება კიდევ ერთი იმედგაცრუებაა. ესაა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შპს-ების შექმნას და იქ ოცნების აქტივისტებისა და ყოფილი დეპუტატების დასაქმებას გულისხმობს. ჯაჭვლიანმა, რომელსაც დეპუტატობისას რაიმე სასარგებლოს კეთებით თავი არ გამოუჩენია, ათეულობით და ასეულობით ადამიანის ბიუჯეტის ხარჯზე შექმნილ კომპანიას უნდა უხელმძღვანელოს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო. 4 წლის განმავლობაში შესაძლოა, მოსახლეობა მოტყუებული, უმუშევარი დარჩეს, ნაცვლად იმისა, რომ პრემიერმინისტრი საუბრობდეს სამომავლო გეგმებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე. ამას, რა თქმა უნდა, მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს და ჩვენ მოგვეცემა საშუალება, განვახორციელოთ ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას. იქ, სადაც რეალურად ადამიანებს საკუთარი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად შეეძლებათ დასაქმება", - განაცხადა აბესაძემ.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოსო ჯაჭვლიანი ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სახელმწიფო კომპანიის დირექტორი გახდება. კომპანია, რომელსაც, პრემიერის თქმით, ჯაჭვლიანი არჩევნების შემდეგ უხელმძღვანელებს, თეთნულდის კურორტის განვითარებას ისახავს მიზნად.

"ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს სახელმწიფო შპს, რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იგი არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, კინორეჟისორი, აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ, რომ მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული. სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილებას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები