ელექტრომობილი

Tesla-მ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სედანი წარადგინა: 0-100 კმ 2.5 წამში

Tesla მოდელი S
tesla.com

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სედანი ელექტრომობილია. კალიფორნიულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ 23 აგვისტოს ახალი თაობის ავტომობილები წარადგინა. კომპანიის ახალი მოდელი S 0-100 კილომეტრამდე სიჩქარეს 2.5 წამში ავითარებს, რაც მასობრივ წარმოებაში მყოფი ავტომობილისთვის პრაქტიკულად რეკორდული მაჩვენებელია. 

Tesla-ს მოდელი S-ის ღირებულება $134 ათასი იქნება, რაც ამ კატეგორიის სხვა ავტომობილებთან, LaFerrari და Porsche 918-თან შედარებით დაახლოებით რვაჯერ იაფია. 

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ასევე წარადგინა საათში 100-კილოვატიანი ელემენტი, რომელიც ორმაგ ელექტრომოტორიან მოდელებში S-სა და X-ში განთავსდება. ახალი ელემენტების მეშვეობით მოდელებს ერთი დატენვით 480 კილომეტრის გავლა შეეძლებათ.

Tesla-ს მოდელი X კი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მაღალი გამავლობის ავტომობილია, ის 0-100 კილომეტრამდე სიჩქარეს 2.9 წამში ავითარებს. მოდელი X-ის ღირებულება $135 ათასიდან დაიწყება, რაც სხვა პრემიალურ მაღალი გამავლობის ავტომობილებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. ილონ მასკის თქმით, ამ მოდელებზე შედარებით მაღალი ღირებულება კომპანიას საშუალებას აძლევს შემოსავლები ახალი შედარებით ბიუჯეტური ავტომობილის მოდელი 3-ის პროექტის განვითარებაზე დახარჯოს. 

მოდელი 3-ის ღირებულება $35 ათასია, ამ ავტომობილის შესაძენად წინასწარი რეგისტრაცია 400 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

Tesla წელს 80 ათასი მოდელის გაყიდვას გეგმავს, 2015 წელს კომპანიის გაყიდვები 50 ათასს შეადგენდა. 

ელექტრომობილების მასობრივ განვითარებას დღეისთვის ნავთობის დაბალი ფასები აფერხებს. ნავთობის გაძვირება ელექტრომობილების გაყიდვების სწრაფ ზრდას შეუწყობს ხელს.

კომენტარები