რელიგიის სახელმწიფო სააგენტო

რა უჯდება გადასახადის გადამხდელს რელიგიის სააგენტოს თანამშრომლების შენახვა?

რელიგიის სახელმწიფო სააგენტო
religion.geo.gov.ge

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოგან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესა და მის 20 თანამშრომელზე ხელფასის გარდა, დანამატის სახით, ჯამში 302 030 ლარი გაიცა.

იმავე პერიოდში, სააგენტოს 21 თანამშრომლის ხელფასებზე, პრემიასა და დანამატზე 1 131 180 ლარი გაიცა. სააგენტოს დაფუძნების დღიდან სახელმწიფოს ბიუჯეტიდან სააგენტოს თანამშრომლების მივლინებაზე 113 779 ლარი დაიხარჯა.

სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ დანამატების ჯამური რაოდენობის 19%, 58 700 ლარი მიიღო, ხელფასების, პრემიისა და დანამატის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი შემოსავალი ჯამში 137 760 ლარი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის №627 დადგენილებით 2014 წლის 19 ნოემბერს დამტკიცებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის თანახმად, საჯარო მოხელეს სახელფასო დანამატი უნდა მიენიჭოს შემდეგ შემთხვევებში:

  • რთულ სამუშაო პირობებში მუშაობის;
  • დამატებითი სამუშაოს შესრულების;
  • დამატებითი სამუშაო საათების გამოყენების;
  • ოჯახური მდგომარეობის;
  • შვილების რაოდენობის;
  • საზღვარგარეთ სამუშაოს შესრულების;


ასევე, სახელფასო დანამატი პირს უნდა მიენიჭოს ნამსახურები წლების (მაგალითად, ყოველ ხუთ წელიწადში) და საკლასო ჩინის გათვალისწინებით. სახელფასო დანამატის მინიჭება უნდა მოხდეს შესაბამისი საფუძვლების არსებობის პერიოდში.

"სააგენტოს შემთხვევაში კი, თანამშრომლები სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებენ. მისი მიზნობრიობისა და გაცემის აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, რაც ეჭვს აჩენს სააგენტოში, თანამშრომლების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე დანამატების გაცემის აუცილებლობაზე და შესაძლოა უთითებდეს, სააგენტოს მხრიდან დანამატების სისტემის საკანონმდებლო დაურეგულირებლობით არაკეთილსინდისიერად სარგებლობაზე", - წერს EMC.

არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით: "რელიგიის სააგენტო, რომელიც მთავრობამ რელიგიურ ორგანიზაციებთან და ამ თემაზე მომუშავე ინსტიტუციებთან კონსულტაციების გარეშე შექმნა, ხშირად ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ქვეშ ექცევა და მთავრობის ეს გადაწყვეტილება "რელიგიის სამინისტროს" შექმნის მცდელობად შეფასდა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ცენტრალიზებული მართვისა და პოლიტიზირების რისკებს აჩენს. სააგენტოს საქმიანობის მწვავე შეფასებები ბოლო დროს საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხზე გამოქვეყნებული ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტიტუტის ანგარიშშია ასახული.

სააგენტო, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება და მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმურობა აქვს, ამ დრომდე მნიშნელოვანი როლი რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მწვავე გამოწვევების გადაჭრაში არ შეუსრულებია. დაარსებიდან დღემდე, სააგენტოს ძირითად მიღწევად მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის (მუსლიმი, იდეური თემი, კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესია) დაფინანსების სისტემის ამუშავება წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური გაერთიანებების კონტროლის და მათი იერარქიზების მცდელობად განიხილება.

კრიტიკის მიუხედავად, სააგენტო საკუთარ პოლიტიკის შეცვლაზე არ ფიქრობს და უფრო მეტიც, როგორც უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია აჩვენებს, სააგენტო საკუთარი თავს მოცულობითი პრემიებითა და ყოველთვიური დანამატით ახალისებს", - წერს EMC.

კომენტარები