თბილისის მერია

დავით ნარმანია რიგგარეშე ანგარიშით საკრებულოს წინაშე 26 აგვისტოს წარდგება

facebook.com/sakrebulo.ge

თბილისის მერი დავით ნარმანია რიგგარეშე ანგარიშით საკრებულოს წინაშე პარასკევს, 26 აგვისტოს წარდგება. ამის შესახებ ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მერიაში მიმდინარე შეხვედრა პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ და მისმა მომხრეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ მოითხოვეს თბილისის მერისგან, თანამდებობები დატოვონ გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ. პარტიზანმა მებაღეებმა შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების და ხმაურის შემდეგ დატოვეს. ისინი 19.00 საათზე, მერიის შენობის წინ აქციას გამართავენ.

მერიაში გამართული შეხვედრა გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხს ეხებოდა. მასში ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.

პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისში ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა. 

კომენტარები