თბილისის საკრებულო

ენმ: ვაყენებთ ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხს

timer.ge

თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ. საკითხის ინიცირებისთვის 24, ხოლო იმისთვის, რომ საკრებულოში ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს, 34 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. ნაციონალური მოძრაობის წევრები მხარდაჭერისთვის არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მმართველ გუნდსაც მიმართავენ.

"საბოლოოდ, ვაყენებთ საკითხს, რომ დავით ნარმანია გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან, ვინაიდან, მისი მერად ყოფნის შემთხვევაში, შეუძლებელია, ასეთი უპასუხისმგებლო, კორუფციული მმართველობის სტილით მოგვარდეს პრობლემები, რომელიც დედაქალაქში დღითიდღე მძიმდება. იმისთვის, რომ თბილისის მერს გამოვუცხადოთ უნდობლობა და ბიძინა ივანიშვილისთვის მორიგი წარუმატებელი ექსპერიმენტი დავასრულოთ, საჭიროა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები შემოუერთდნენ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას“, - ამბობს ენმ-ის წევრი ირაკლი აბესაძე.

საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ ხელმოწერების საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდება. მისივე თქმით, ის ნარმანიას ადგილას არ წამოეგებოდა პროვოკაციას და არც ბოდიში ექნებოდა მოსახდელი სამოქალაქო აქტივისტებისთვის.

"ხელმოწერების საჭირო რაოდენობა ვერ მოგროვდება. რაც შეეხება კითხვას შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, ვაცხადებ, რომ თანამდებობის პირი არავითარ შემთხვევაში, პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს. ეს იყო პროვოკაცია, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. ძალიან მიხარია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასე გამოფხიზლებული და გააქტიურებულია, მაგრამ ხდება ყველაფრის პოლიტიზირება, რაც საწყენია. მე პროვოკაციას არ წამოვეგებოდი, აქედან გამომდინარე, ბოდიში მოსახდელი არ მექნებოდა", - ამბობს ალიბეგაშვილი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერი საკრებულოში ხვალ არის დაბარებული.

ცნობისთვის, პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა.

გამწვანების საკითხზე გამართული გუშინდელი შეხვედრა თბილისის მერს და გარემოს დამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დამთავრდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, მერია გარემოს დამცველების მოთხოვნების შეასრულებას არ აპირებს და შეხვედრას მხოლოდ რეკლამისთვის მართავს. 

"მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს, მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოდიან", - მიმართა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს თბილისის მერმა ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა.

 

კომენტარები