ქორწინების თანასწორობა

ყაველაშვილი ქორწინებაზე: აქამდეც არ გვქონია კანონმდებლობის მხრივ პრობლემა

ტაბულა

ქართული ოცნების ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, "თუ ადამიანების უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ქორწინების საკითხი კონსტიტუციაში აისახოს, პრობლემას ვერ ვხედავ". ტაბულამ ყაველაშვილს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა პრემიერმინისტრის ინიციატივას, რომ არჩევნების შემდეგ, ქორწინების საკითხი კონსტიტუციით განისაზღვროს.

"ამ თემაზე ჩემი აზრი არასდროს არ დამიფიქსირებია. პრინციპში, თუ ადამიანების უმრავლესობა ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტს, რომ ეს აისახოს კონსტიტუციაში, ვერ ვხედავ პრობლემას. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პრინციპში, აქამდეც არ გვქონია საქართველოში ამ მხრივ პრობლემა, კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ ქალის და მამაკაცის ერთობა წარმოადგენს ოჯახს... თუმცა, თუ გადავწყვეტთ უმრავლესობა, თუ ასე გვინდა მოსახლეობის უმრავლესობას, არჩევნების შემდეგ, ყველა ჩვენგანი თავისუფლად დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს. ეს იქნება გამოხატულება. და აღარ იქნება სპეკულირება სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან, რომ ეს საკითხი არჩევნებს უკავშირდება", - თქვა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა, პრემიერმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნება კვლავ დააყენებს საკონსტიტუციო ცვლილების საკითხს. მმართველ გუნდს სურს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა.

კომენტარები