საქართველოს მთავრობა

ხუხაშვილი: ჯაჭვლიანისთვის საჯარო სექტორში ადგილი არ აღმოჩნდა და მოიგონეს ახალი შპს

გია ხუხაშვილი
ტაბულა

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის თეთნულდის განვითარებისთვის შექმნილი შპს-ს დირექტორად დანიშვნა, მისი საპარლამენტო ტრიბუნის შეცვლის ალტერნატივაა. ტაბულას კითხვაზე, იქნება თუ არა ეს სახელმწიფო რესურსების გაფლანგვა, ხუხაშვილი ამბობს, რომ „მომავალი აჩვენებს".

"[სახელმწიფო რესურსების] გაფლანგვა რამდენად იქნება, მომავალი აჩვენებს. მაგრამ ფაქტია, მე რომ გითხრათ, ეს ასე არ არის-მეთქი, არ იქნება დამაჯერებელი. ბუნებრივია, ჯაჭვლიანის დანიშვნა უკავშირდება იმას, რომ საკუთარი ნებით ან იძულებით მას საპარლამენტო ტრიბუნა ეცვლება და მისთვის რაღაც ალტერნატივა უნდა შეეთავაზებინათ. სამწუხაროა, რომ საჯარო სექტორში არ აღმოჩნდა მისი ადგილი და სპეციალურად მისთვის მოიგონეს ახალი ინსტიტუტი. ეს ხელისუფლებისთვის არაფერ კარგზე არ მეტყველებს, საკმაოდ არასერიოზული საქციელია. მიუთითებს იმაზე, რომ პიროვნების დასაქმების გამო რაღაც ინსტიტუციის გამოგონება, ახალი სუბიექტის შექმნა, ხელისუფლების მხრიდან გამოიყურება მინიმუმ არასერიოზულად", - ამბობს ხუხაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოსო ჯაჭვლიანი ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სახელმწიფო კომპანიის დირექტორი გახდება. კომპანია, რომელსაც პრემიერის თქმით, ჯაჭვლიანი არჩევნების შემდეგ უხელმძღვანელებს, თეთნულდის კურორტის განვითარებას ისახავს მიზნად.

"ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს სახელმწიფო შპს, რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იგი არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, კინორეჟისორი, აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ, რომ მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული. სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილებას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები