თბილისის მერია

პეტრიაშვილი: ნარმანიას გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, თორემ გადადგებოდა

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის თქმით, თბილისის მერს დავით ნარმანიას არ აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დიდი ხნის წინ დატოვებდა თანამდებობას. ამის შესახებ მან ტაბულას კითხვას - უნდა გადადგეს თუ არა თბილისის მერი - უპასუხა. მისივე თქმით, დავით ნარმანიას ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან არსებული წნეხის გამო არ დააწერინებენ განცხადებას, რაც უარყოფითად აისახება თბილისზე.

„პირველ რიგში, მის ტყავში ყოფნას არავის არ ვუსურვებდი. ადამიანურად მაქვს სიბრალულის განცდა, გულწრფელად ვამბობ. მას არ აქვს დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ვერც ერთი ჯანსაღი ადამიანი ვერ გააგრძელებდა მუშაობას, როდესაც ხედავს, რომ ვერ მუშაობს, ვერ აწყობს ურთიერთობას ვერც თბილისის მოსახლეობასთან, ვერც სამოქალაქო საზოგადოებასთან და მისი საქმიანობა ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც არადამაკმაყოფილებელი. ის რომ იყოს თავისუფალი, მე დარწმუნებული ვარ, დიდი ხნის წინ გაითავისუფლებდა თავს ამ ტანჯვა-წამებისგან, რაც მას აქვს, მაგრამ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, ის ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა კოალიციას და მისი კანდიდატურა იყო. ოცნებასაც დღეს, ასევე, არ აქვს არც უფლებამოსილება და არც გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს თუ არა, დაწეროს თუ არა ნარმანიამ გადადგომის შესახებ განცხადება. მე დარწმუნებული ვარ, ოპოზიციისა და საზოგადოების წნეხის გამო, სწორედაც რომ არ დააწერინებენ მას განცხადებას გადადგომის თაობაზე. ცუდია ეს ოცნებისთვის, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ცუდია ქალაქისთვის, ჩვენი თბილისისთვის. იჭრება ხეები, მერე მთელი საზოგადოება ირაზმება, მერე ქალაქის მერს უმტყუვნებს ნერვები (ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას უმტყუნა ნერვებმა) და მერე უწევს ბოდიშის მოხდა. ასეთ პირობებში ადამიანი არ უნდა ჩერდებოდეს, მაგრამ, როგორც გითხარით, მისი გადაწყვეტილება არ არის ეს, თორემ დიდი ხნის წასული უნდა იყოს. მას ნაფიქრიც ექნებოდა ამაზე, დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ აძლევენ უფლებას", - თქვა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამწვანების საკითხზე გამართული შეხვედრა თბილისის მერსა და გარემოს დამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დამთავრდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, მერია გარემოს დამცველების მოთხოვნების შეასრულებას არ აპირებს და შეხვედრას მხოლოდ რეკლამისთვის მართავს.

"მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს, მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოდიან", - მიმართა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

გუშინ დავით ნარმანიამ საკუთარი მიმართვის გამო ბოდიში მოიხადა. დღეს კი იგი საკრებულოშია დაბარებული.

პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა. დღეს გარემოს დამცველებმა განაცხადეს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას წყვეტენ, თუმცა, აქციებს აგრძელებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს თბილისის მერმა ხეების მოჭრაზე 10 დღით მორატორიუმი გამოაცხადა.

 

კომენტარები