შშმ პირთა უფლებები

ომბუდსმენი: პოლიციამ შშმ პირს საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა არ მისცა

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა. ომბუდსმენის ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სამართალდამცველების მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ეტლით მოსარგებლე პირს საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება არ მისცეს.

"ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 2016 წლის 15 ივნისს თავის სამ მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა მანქანით, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. პატრულ-ინსპექტორებს და განმცხადებლის მეგობრებს შორის წარმოიშვა კამათი, რომელიც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, განმცხადებელი უშედეგოდ სთხოვდა პატრულ-ინსპექტორებს, მისთვის მანქანის საბარგულიდან ეტლის გადმოტანის და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ. ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა, განმცხადებელი იძულებული გახდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მანქანაში დაეკმაყოფილებინა", - აცხადებს სახალხო დამცველი და რეკომენდაციაში აღნიშნავს სამართალდამცავთა ვალდებულებას, ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის დაძაბულ ვითარებაში, იმოქმედონ იმგვარად, რომ არ შეილახოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

"სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სამინისტროს მოსამსახურეთათვის უზრუნველყოს ტრენინგები და სხვა შესაბამისი ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით რთული სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავებისა და აღნიშნული საკითხის მიმართ მოსამსახურეთა მხრიდან მგრძნობელობის ამაღლების მიზნით", - აცხადებს სახალხო დამცველი.

კომენტარები