თბილისის მერია

ნარმანია: გამოძიების დასრულებამდე ვინმეს დადანაშაულება მიუღებელია

დავით ნარმანია
თბილისის მერია

საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, გამოძიების დასრულებამდე რომელიმე თანამდებობის პირის დადანაშულებას.

"გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების პროცესის დასრულებამდე, მიზანშეუწონლად მიმაჩნია კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, ერთი, და მეორე, ჩემთვის პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, როცა ჯერ კიდევ არ არის გამოძიება ბოლომდე მისული და გადაწყვეტილება მიღებული, პირდაპირ თითი გავიშვირო ცალკეული თაბამდებობის პირებისკენ და დავადანაშაულოთ ისინი," - თქვა დავით ნარმანიამ.

ცნობისათვის, დავით ნარმანია საკრებულოში ოპოზიციამ ქალაქში არსებული ვითარების, მათ შორის ეკოლოგიური პრობლემების გამო დაიბარა.

საკრებულოს სხდომაზე, დარბაზში გამოწვეული ხმაურის გამო, ცოტა ხნის წინ, 20-წუთიანი შესვენება გამოცხადდა. თბილისის მერის გამოსვლის დროს ერთმანეთს სიტყვიერად მოქალაქეები, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაუპირისპირდნენ. საკრებულოს დაცვამ დარბაზი მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს დაატოვებინა.

საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა აქციაც, რომლის მონაწილეებმაც ნარმანიას სიმბოლურად ნაჯახი დაუტოვეს. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს ნაჯახის აღება მოსთხოვა, თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს.

პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ისინი გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის გადადგომას ითხოვენ. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა. დღეს გარემოს დამცველებმა განაცხადეს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას წყვეტენ, თუმცა, აქციებს აგრძელებენ.

კომენტარები