არჩევნები 2016

გირჩი: პლატფორმაში ვრჩებით, განაცხადში არყოფნა ტექნიკური საკითხია

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი პლატფორმაში "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" რჩება. ამის შესახებ ტაბულას პარტიის პრესსამსახურში უთხრეს. პარტიაში ამბობენ, რომ პლატფორმის მიერ ცესკოში შეტანილ განაცხადში გირჩის სუბიექტად არდასახელება მხოლოდ ტექნიკური საკითხია და არაფერი იცვლება.

პავლე კუბლაშვილი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ "ეს აუცილებელია, რათა გირჩი რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში".

ახალი მემარჯვენეების ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, "ეს ყველაფერი უკავშირდება აბსოლუტურად ტექნიკურ საკითხებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაშიც ადგილი გვქონდეს სამომავლოდ, მეტი გავლენები იყოს სხვადასხვა სტრუქტურაში. უფრო მეტი პრაგმატულობით მივიღოთ ისეთი დივიდენდი, რომელიც შესაძლებელია, მივიღოთ".

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა სამართლებრივ საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა დავით ჯანდიერმაც.

"მიზანშეწონილობა განისაზღვრა როგორც ფინანსური მოტივებით, ასევე კომისიაში წარმომადგენლებით. ეს არის წმინდა ტექნიკური ხასიათის. ერთობა, რომელიც შევა ბლოკის შიგნით, არ დარღვეულა. გირჩის წარმომადგენლები ჩვეულებრივ იქნებიან პარტიულ სიაში, რომელსაც საარჩევნო ბლოკი წარადგენს", - ამბობს ჯანდიერი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკებად რეგისტრაციაზე განაცხადების შეტანის ვადა დღეს ამოიწურა. პლატფორმის "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" განაცხადში გაერთიანებაში შემავალ სუბიექტებად ბურჭულაძის პარტიის გარდა, გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეებია". ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი განაცხადში არ წერია.

დაარეგისტრირებს თუ არა ცესკო ბურჭულაძის გაერთიანებას, ხვალ გაირკვევა. რეგისტრაციის ვადა სწორედ ხვალ იწურება. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ბლოკი არჩევნებში ახალი მემარჯვენეების "1" ნომრით იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები