საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: შპს რიჩი დაფქვილ ყავას ბარდას ურევდა და ისე ყიდდა

coffeeroasters.com.hk

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შპს რიჩი ყავის ფალსიფიკაციას ახდენდა. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელები თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით (ყავის მოცულობის და წონის გასაზრდელად), ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილ ბარდას ფხვიერ მასას.

„ამის შემდეგ აფასოებდენ 100-გრამიან, 500-გრამიან და სხვა, უფრო დიდი ზომის პოლიეთილენის ქილებში და მათ რეალიზაციას მოტყუებით, თითქოს და მათი წარმოებული პროდუქტი იყო 100%-ით ნატურალური ყავა, ახდენდნენ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიებსა და ფიზიკურ პირებზე", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში და აღნიშნავენ, რომ ფალსიფიცირებული ყავის რეალიზაცია ასევე ხდებოდა დაფასოების გარეშე, წონით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში.

საგამოძებო სამსახურმა ჩხრეკისას ამოიღო დიდი რაოდენობით უვარგისი ყავა და ბარდას მარცვლები, ასევე, დაფასოებისათვის საჭირო პოლიეთილენის ქილები და ეტიკეტები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები