საკონსტიტუციო სასამართლო

1 სექტემბერს, საკონსტიტუციოში უგულავას და ე.წ კაბელების საქმის განხილვა გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

1 სექტემბერს, 15:00-ზე, გიგი უგულავას და ე.წ კაბელების საქმის კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2 აგვისტოს უნდა განეხილა. სხდომა კვორუმის არარსების გამო გადაიდო, რადგან ცხრა მოსამართლიდან სასამართლოში მხოლოდ ოთხი მივიდა. მოსამართლეების ნაწილმა სხდომაზე არმისვლის მიზეზად, დიპლომატებთან შეხვედრა დაასახელა. ამასთან, მათი მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი კი აცხადებდა, რომ მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეების განხილვაში მონაწილეობას ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე არ მიიღებდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მოსამართლეები გამოკითხა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ყველა მოსამართლე უარყოფს მათზე ზეწოლის ფაქტს.

კომენტარები