ტრანსპორტი

მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საქართველო 130-ე ადგილზე ჩამოქვეითდა

facebook.com/economypr

მსოფლიო ბანკმა ლოგისტიკის განვითარების 2016 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსში 160 ქვეყანა ფასდება საბაჟო სისტემის გამართულობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთაშორისო გადაზიდვების მოცულობას მიხედვით. ინდექსში საქართველომ 130-ე ადგილი დაიკავა, რაც 2014 წელთან შედარებით 14 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია. 2012 წელს საქართველო 77-ე ადგილს იკავებდა.

ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუარესება აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებულ საბაჟო/სატრანსპორტო სისტემაში გასული წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ბოლო ორი წლის მანძილზე კი საერთაშორისო გადაზიდვების შემცირებამ ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუარესება გამოიწვია. გასული წლების მანძილზე საქართველოს სატრანსპორტო სისტემა ძირითადად უცვლელი იყო, ამ ფონზე კი სხვა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს, ამიტომაც მრავალმა ქვეყანამ, რომლებსაც საქართველო 2012 წელს ასწრებდა, 2014 და 2016 წლებში იგი უკან ჩამოიტოვა.

საქართველოს შედეგები ინდექსის კრიტერიუმების მიხედვით ასე გამოიყურება: (მაქსიმუმი 5 ქულა)

  • საქართველოს შედეგი - 2.35 ქულა
  • საბაჟო სისტემა - 2.26 ქულა
  • ინფრასტრუქტურა - 2.17 ქულა
  • საერთაშორისო გადაზიდვები - 2.35 ქულა
  • ლოგისტიკის კონკურენტუნარიანობა - 2.08 ქულა
  • სერვისების ვადები - 2.8 ქულა

2014 წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ ერთი მიმართულებით, საბაჟო სისტემაში გაუმჯობესდა.

მსოფლიო ბანკის ამ ინდექსში პოზიციების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის მიზანს წარმოადგენდა. ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკური განვითარების პროგრამა საქართველო 2020-ში წერია. მთავრობა ამავე დოკუმენტში აღიარებს, რომ ქვეყნაში გადაზიდვისა და ლოგისტიკური მომსახურების ფასი არაკონკურენტუნარიანია; არ არსებობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრები.

"მიუხედავად საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციებისა, დღეს არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა ვერ უზრუნველყოფს გაზრდილი ტვირთების მომსახურებას; გადაზიდვისა და ლოგისტიკური მომსახურების ფასი არაკონკურენტუნარიანია; არ არსებობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრები. საქართველოზე გამავალი მარშრუტის კონკურენტუნარიანობას ამცირებს ამ გზაზე არსებული მეზობელი ქვეყნების საზღვრების გადაკვეთის განსხვავებული პროცედურებიც", - წერია საქართველო 2020-ში 

წელს ინდექსში პირველი ადგილი გერმანიას უჭირავს, რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე წინ, 33-ე ადგილზე თურქეთია. 160 ქვეყანას შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი სირიას აქვს. 

კომენტარები