ენერგეტიკა

აზერბაიჯანი ევროპაში ირანული გაზის ექსპორტის დაწყებას არ გამორიცხავს

ბუნებრივი აირის ჭაბურღილი ირანში
iranvajahan.net

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანა ევროპაში ირანული ბუნებრივი აირის ექსპორტის საკითხს არ გამორიცხავს. 29 აგვისტოს ბაქოში გამართულ ევრაზიულ ენერგოკონფერენციაზე, რომელშიც ირანიც მონაწილეობდა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნატიგ აბასოვმა დაადასტურა, რომ ირანული გაზის ტრანსანატოლიური მილსადენით ტრანსპორტირების შესახებ მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს.

TANAP-ი საქართველოზე გამავალი სამხრეთკავკასიური მილსადენის (იგივე შაჰ-დენიზის) თურქული გაგრძელებაა. ეს მილსადენი 2018 წლიდან ამოქმედდება. 2020 წლისთვის კი TANAP-ს ახლადაშენებული ტრანსადრეატიკული მილსადენი მიუერთდება, რომელიც კასპიურ ბუნებრივ რესურსებს ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მიაწვდის. პროექტში ირანის ჩართვა მის მნიშვნელობას გაზრდის. 

ირანის დამტკიცებული ბუნებრივი აირის მარაგები 29 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც მსოფლიო მარაგების 16%-ია. ამ რესურსების უმთავრესი ნაწილი ირანის სამხრეთში, სპარსეთის ყურეშია თავმოყრილი. 

აზერბაიჯანულ მეგაპროექტში ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვის საკითხზეც არსებობს მოლაპარაკებები, თუმცა რუსული მხარის გავლენის გამო აზერბაიჯან-თურქმენეთს შორის ტრანსკასპიური მილსადენის გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

კომენტარები