საკონსტიტუციო სასამართლო

ნაცვლიშვილი: თუ სასამართლო მიკერძოებულია, მასზე ზეწოლა, მისი კრიტიკა გამართლებულია

0 კომენტარი
ფოტო: 2030

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარი კანდიდატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია და სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მიკერძოებულია. ნაცვლიშვილის თქმით, როდესაც სასამართლო არღვევს სამართლიანობის პრინციპს, მასზე "ნებისმიერი ზეწოლა, კრიტიკული დამოკიდებულება არის გამართლებული". ტაბულამ ნაცვლიშვილს ჰკითხა, მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის დედის ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანის საქმე ხომ არ უკავშირდება რუსთავი ორს და ხომ არ არის პროკურატურის მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლის იარაღი. 

"მე არ ვიცი ეს დეტალები, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით - თუ ვინმე იტყვის, რომ ზეწოლაა ესეც კი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ცალსახად ბრალს ვდებ მიკერძოებულობაში, იყოს ზეწოლა. სამართალი ემსახურება ერთ უზენაეს პრინციპს - სამართლიანობას და თუ რომელიმე სასამართლო ამ უზენაეს პრინციპს არ ემსახურება, რასაც სამართლიანობა ჰქვია, მაშინ შესაბამისად, ნებისმიერი ზეწოლა არის გამართლებული. ზეწოლა რა, არა ზეწოლა ამ თვალსაზრისით, არამედ კრიტიკული დამოკიდებულება და უფლება იმისა, რომ მოსამართლის საქმიანობა გავაკრიტიკოთ, ამის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, თუ ესა თუ ის მოსამართლე უგულებელყოფს ამ უზენაეს პრინციპს, რაც არის სამართლიანობა", - ამბობს ნაცვლიშვილი.

ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, "თქვენ რომ უფრო ღრმად ჩაიხედოთ პირველი კოლეგიის და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში, დაინახავთ კანონზომიერებას, რომელიც ცალსახად მიუთითებს იმისკენ, რომ ეს მოსამართლეები არიან მიკერძოებულები". ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პირველ კოლეგიას ეწერება ყველა პოლიტიკურად სენსიტიური საქმე.

"გარდა ამისა, არ არსებობს სასამართლო პრაქტიკაში, მიუღებელია ის, რომ მოსარჩელეს გაატანო სარჩელი, ჩაუსწორო და თავიდან შემოატანინო. ბევრი ფაქტია, რომელიც მიუთითებს მათ მიკერძოებულობაზე. ჩემი კრიტიკა არ უნდა ჩაითვალოს არანაირ ზეწოლად, ეს არის რიგითი მოქალაქის კრიტიკა, რომელსაც უნდა ელემენტარული რამ - საკონსტიტუციო სასამართლო ემსახურებოდეს უზენაეს პრინციპს - სამართლიანობას", - ამბობს ნაცვლიშვილი.

ტაბულას კითხვაზე, "თქვენ გამორიცხავთ მოსამართლეზე ზეწოლას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან?", ქართული ოცნების კანდიდატი პასუხობს -"რას ნიშნავს ზეწოლა, ვინ და როგორ უნდა განახორციელოს? არანაირი ზეწოლა. პროკურატურას დაბარებული ჰყავდა აბსოლუტურად ყველა მოსამართლე, ყველამ უარყო და რა ზეწოლაზეა საუბარი? თუ რაიმე ზეწოლა ხდებოდა, იყვნენ პროკურატურაში მისულები, შეეძლოთ ჩვენება მიეცათ, მათ არანაირი ჩვენება არ მიუციათ, არც საჯაროდ განუცხადებიათ. აქედან გამომდინარე, ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება".

კითხვაზე, "ანუ ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადებისას, გიორგი პაპუაშვილმა მოიტყუა?", ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "მე ჩამოგითვალეთ ფაქტები, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია, მარტივი დედუქციური მეთოდებით მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ისინი არიან მიკერძოებულები და მე არ გამოვრიცხავ, რომ პაპუაშვილი იტყუებოდეს, რა თქმა უნდა".

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის დედა, ნოტარიუსი ტატიანა ახვლედიანი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხვაზე პროკურატურაში იმყოფებოდა. თავად ტატიანა ახვლედიანის თქმით, სისხლის სამართლის საქმე მინდობილობის გაყალბების ფაქტზე აღიძრა და ამ საქმეში მისი სანოტარო ბიურო ფიგურირებდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ის არა დანაშაულის თანამონაწილე, არამედ მსხვერპლი იყო. ამასთან დაკავშირებით, განცხადება მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა. უწყების მტკიცებით, ლალი ფაფიაშვილის დედაზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა და მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები