საკონსტიტუციო სასამართლო

ლალი ფაფიაშვილმა ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მუდმივად ისმება კითხვები მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

"იმისათვის, რომ მხარეს აშკარად და არაერთგზის გამოხატული მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება უარყოფითად არ აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასა და სანდოობაზე, თავს ვალდებულად ვთვლი, მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვაში მონაწილეობისგან თვითგანრიდების შუამდგომლობით", - თქვა ფაფიაშვილმა.

ფაფიაშვილი გადაცემა P.S-ში გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა. 

"თავს ვალდებულად ვთვლი, გამოვეხმაურო 27 აგვისტოს გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტს ჩემ მიმართ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის იყო და იქნება გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დამცველი, თუმცა, იმავდროულად უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოების გამოყენება მოსამართლეებზე ან სასამართლოზე დაუსაბუთებელი დისკრედიტაციის მიზნით, ვფიქრობ, დაუშვებელი და მიუღებელია. 

არცერთი ჩემი ოჯახის მიმართ არასდროს არ დასმულა სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხი. სიუჟეტში მითითებულ საქმეზე გამოძიება დაიწყო სწორედ ჩემი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე და ის დამთავრდა 2016 წლის იანვრის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ე.წ. გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლე მე არ ვიყავი. ამასთან, აღნიშნული საქმის ფაქტობრივი გარემოებები ჩემთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სიუჟეტის მომზადების პროცესში", - თქვა ფაფიაშვილმა.

როდის განიხილავს პლენუმი ფაფიაშვილის შუამდგომლობას, ჯერჯერობით უცნობია. თვითაცილების დასაკმაყოფილებლად მინიმუმ 5 მოსამართლის თანხმობაა საჭირო.

P. S-ის ინფორმაციით, ლალი ფაფიაშვილის დედა, ნოტარიუსი ტატიანა ახვლედიანი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხვაზე პროკურატურაში იმყოფებოდა. რუსთავი 2-ს აღნიშნული ინფორმაცია თავად ტატიანა ახვლედიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, გამოძიება მინდობილობის გაყალბების ფაქტზე დაიწყო და ამ საქმეში მისი სანოტარო ბიურო ფიგურირებდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ის არა დანაშაულის თანამონაწილე, არამედ მსხვერპლი იყო.

პროკურატურის ინფორმაციით"გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც თითქოსდა გამოყენებული იქნა ზეწოლის მიზნით, 2015 წლის 15 ივლისს, ნოტარიუს ტატიანა ახვლედიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო საქართველოს შს სამინისტროში, რომელიც ქონების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტს შეეხებოდა". უწყების მტკიცებით, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას.

კომენტარები