ტრანსპორტი

ქუმსიშვილი ლოგისტიკის ინდექსზე: სამწუხაროდ, ჩვენ ამ ინდექსს ყურადღებას არ ვაქცევდით

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ტაბულას კითხვის პასუხად, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აღიარებს, რომ მთავრობამ გასული წლების მანძილზე მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის (LPI) ინდექსს სათანადო ყურადღება არ დაუთმო, რამაც ამ ინდექსში ქვეყნის პოზიციების გაუარესება გამოიწვია. 2016 წლის ლოგისტიკის ინდექსში საქართველომ 130-ე ადგილი დაიკავა, რაც 2014 წელთან შედარებით 14 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია. 2012 წელს ინდექსში საქართველო 77-ე ადგილს იკავებდა.

"მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდექსი. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ინდექსს შესაბამის ყურადღებას არ ვუთმობდით, არ გვქონდა ინდექსში მაღალი ქულების მიღწევაზე ექსპერტებთან კომუნიკაცია. მსოფლიო ბანკი არის მაღალი რეპუტაციის მქონე ჩვენი მეგობარი ორგანიზაცია, ჩვენ ძალიან გავვაქტიურდით ახლა ამ მიმართულებით. გამოვითხოვეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც მოხდა ჩვენი ინდექსის გაუარესება. შესაბამისად, დაიგეგმება ნაბიჯები ინდექსში შედეგების გაუმჯობესებისთვის, რათა მივაღწიოთ ამ შედეგს. ვადასტურებ, რომ ტრანსპორტი და ლოგისტიკა არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ნაწილი", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუარესება აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებულ საბაჟო/სატრანსპორტო სისტემაში გასული წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი საერთაშორისო გადაზიდვების შემცირებამ ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუარესება გამოიწვია. გასული წლების მანძილზე საქართველოს სატრანსპორტო სისტემა ძირითადად უცვლელი იყო, ამ ფონზე კი სხვა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს, ამიტომაც მრავალმა ქვეყანამ, რომლებსაც საქართველო 2012 წელს ასწრებდა, 2014 და 2016 წლებში იგი უკან ჩამოიტოვა.

საქართველოს შედეგები ინდექსის კრიტერიუმების მიხედვით ასე გამოიყურება: (მაქსიმუმი 5 ქულა)
 
  • საქართველოს შედეგი - 2.35 ქულა
  • საბაჟო სისტემა - 2.26 ქულა
  • ინფრასტრუქტურა - 2.17 ქულა
  • საერთაშორისო გადაზიდვები - 2.35 ქულა
  • ლოგისტიკის კონკურენტუნარიანობა - 2.08 ქულა
  • სერვისების ვადები - 2.8 ქულა

2014 წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ ერთი მიმართულებით, საბაჟო სისტემაში გაუმჯობესდა.

მსოფლიო ბანკის ამ ინდექსში პოზიციების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის მიზანს წარმოადგენდა. ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკური განვითარების პროგრამა საქართველო 2020-ში წერია. მთავრობა ამავე დოკუმენტში აღიარებს, რომ ქვეყნაში გადაზიდვისა და ლოგისტიკური მომსახურების ფასი არაკონკურენტუნარიანია; არ არსებობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრები.

"მიუხედავად საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციებისა, დღეს არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა ვერ უზრუნველყოფს გაზრდილი ტვირთების მომსახურებას; გადაზიდვისა და ლოგისტიკური მომსახურების ფასი არაკონკურენტუნარიანია; არ არსებობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრები. საქართველოზე გამავალი მარშრუტის კონკურენტუნარიანობას ამცირებს ამ გზაზე არსებული მეზობელი ქვეყნების საზღვრების გადაკვეთის განსხვავებული პროცედურებიც", - წერია საქართველო 2020-ში. 

წელს ინდექსში პირველი ადგილი გერმანიას უჭირავს, რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე წინ, 33-ე ადგილზე თურქეთია. 160 ქვეყანას შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი სირიას აქვს. 

 

კომენტარები