დეპორტაციის საქმე

ე.წ. დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 1775 ქართველის მონაცემი გაეგზავნა

ბექა ძამაშვილი
იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრომ ე.წ. დეპორტირებულების საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 1775 ქართველის დეტალური მონაცემი გაუგზავნა, მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა ისაუბრა.

ძამაშვილის თქმით, აქამდე სასამართლოში მხოლოდ 118 დაზარალებულის სია იყო წარდგენილი. "საქმის არსებითად დასრულების შემდეგ, ევროპულ სასამართლოში დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურა დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს, ამ პროცედურის ფარგლებში კი, თითოეული დაზარალებულის ინდივიდუალურ მონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - თქვა მან.

ბექა ძამაშვილის ინფორმაციით, რუსეთიდან სულ 4 634 ადამიანი გამოაძევეს. მათი დიდი ნაწილის იდენტიფიკაცია კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, ზოგმა კი(რადგან რუსეთში დაბრუნდა) შეგნებულად უარი თქვა სიაში ჩასმაზე. მისივე თქმით, გაგზავნილ სიაში აღინიშნა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ რუსულ მხარეს აქვს.

"ჩვენი მიზანია, რომ გაიგზავნოს მეტი დეტალური ინფორმაცია. ეს პროცესი გრძელდება. ყველამ უნდა მიიღოს კომპენსაცია", - თქვა ძამაშვილმა.

როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლომ ზიანის სანაცვლოდ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რაც 70 320 000 ევროთი განისაზღვრა.

2006 წლის 27 სექტემბრიდან საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე რუსი ოფიცრის დაკავების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის კამპანია დაიწყო. 2006 წლის ბოლოს რუსეთიდან 4 600-ზე მეტი ქართველი გამოაძევეს. დეპორტირებულთა ნაწილი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს, ნაწილი თვითონ დაბრუნდა.

კომენტარები