საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდი ესპანელ პარტნიორებთან ერთად "ჰამონის" წარმოებას იწყებს

siemprejamon.com

31 აგვისტოს საპარტნიორო ფონდმა მემორანდუმი გააფორმა ესპანური ხორცის მწარმოებელი კომპანია DERAZA IBERICO-ს მიერ საქართველოში დაფუძნებულ კომპანია NATIVE GEORGIAN-თან. მემორანდუმის თანახმად, საქართველოში დაიწყება მსოფლიოში ცნობილი ბრენდის - ჰამონის წარმოება. ჰამონი სპეციალური შავი ფერის ღორის ჯიშიდან წარმოებული ლორია, რომელსაც მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში აწარმოებენ. პროდუქტი მაღალი საფასო კატეგორიის, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლორია.

მემორანდუმის ფარგლებში, NATIVE GEORGIAN ადგილობრივ ფერმერებთან ერთად შექმნის ღორების ფერმებს კახეთსა და რაჭაში, ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით. კომპანია გეგმავს 1.200 შერჩეული დედა ღორის მოშენებას 6 წლის მანძილზე. პროდუქტი ძირითადად საერთაშორისო ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. 

საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის, დავით საგანელიძის თქმით, პროექტი საქართველოს მესაქონლეობის დარგის ევროპულ დონეზე აყვანას შეუწყობს ხელს. 

ესპანელი ბიზნესმენების დელეგაცია, ინვესტიციების განხორციელების მიზნით, საქართველოში მაისში იმყოფებოდა. მათ რეგიონები მოინახულეს, შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს და ქართული ჯიშის ღორებზე მეცნიერული კვლევა ჩაატარეს. 

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან საუბრის და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაცნობის შემდეგ, DERAZA IBERICO-ს წარმომადგენლებმა საქართველოში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები