კრიმინალი

გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ShutterStock

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უწყება აღნიშნავს, რომ სასამართლომ კ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კ.კ. 2016 წლის 21 მარტს, დღის საათებში ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შეხვდა ნ.ჯ-ს და ქორწინება შესთავაზა, ხოლო მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ნ.ჯ-ს წინააღმდეგობა დაეძლია. კ.კ. მუქარით, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით აიძულებდა ნ.ჯ-ს მასთან ქორწინებას. 2016 წლის 22 მარტს, ღამის საათებში, კ.კ-მ იძულებით მიიყვანა ნ. ჯ. ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა კ.კ. 2016 წლის 11 აპრილს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება).

კომენტარები