რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაშის ადვოკატი: რუსთავი ორმა ეთერში ყალბი დოკუმენტი აჩვენა

რუსთავი 2

ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, ქიბარ ხალვაში ცალსახად გამორიცხავს და კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ოქრუაშვილთან რუსთავი ორის საქმეზე შეთანხმების არსებობას და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერას.

"ის, რაც იყო ნაჩვენები რუსთავი ორის ეთერში, არის ყალბი დოკუმენტი. მეორე საკითხია, რომ არანაირი შემხებლობა ამ ე.წ დოკუმენტს დღეს სასამართლოში განსახილველ საქმესთან, არ შეიძლება, ჰქონდეს. თუ მხარეს აქვს ორიგინალი დოკუმენტი, თავისუფლად შეიძლება ჩატარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს, ეკუთვნით თუ არა ხელმოწერა პირებს. ეს არის მოგვიანებით, ახლახან შექმნილი დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერაც არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს" - ამბობს სალია.

ირაკი ოქრუაშვილის ადვოკატის მტკიცებით კი, დოკუმენტს უკვე გავლილი აქვს რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტიზა და ხელმოწერების ავთენტიკურობა დამტკიცებულია.

ცნობისთვის, რუსთავი 2-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ტელეკომპანიის განცხადებით, ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას წარმოადგენს. დოკუმენტის ავთენტიკურობას ირაკლი ოქრუაშვილიც ადასტურებს.

"ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე", - ნათქვამია 5-პუნქტიანი დოკუმენტის მეორე პუნქტში და აღნიშნულია, რომ თუ ქიბარ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

ამასთან, რუსთავი ორის იურისტებმა უზენაეს სასამართლოში ოქრუაშვილი-ხალვაშის შეთანხმების დოკუმენტი წარადგინეს. იურისტების შეფასებით, დოკუმენტმა მთლიანად უნდა შეცვალოს საქმის მსვლელობა.

რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს საქართველოს უზენაესი სასამართლო დღეს, 5 სექტემბერს განიხილავს. განხილვა ზეპირი მოსმენის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება.  

 

კომენტარები