რუსთავი 2-ის საქმე

კალაძე რ2-ზე: თუ რაიმე დოკუმენტაცია არსებობს, საჭორაო თემა არაა

facebook.com/kakhakaladzeofficial

ვიცეპრემიერ კახა კალაძის თქმით, თუ რუსთავი 2-ის საქმეში ახალი დოკუმენტაცია ან გარემოებაა, არ არის "საჭორაო და ტელევიზიით განსახილველი თემები".

"რაც შეეხება დავას ხალვაშსა და ყარამანაშვილს შორის, ეს არის სამართლებრივი დავა და სასამართლომ უნდა განიხილოს. თუ რაიმე დოკუმენტაცია ან ახალი გარემოება არსებობს, ეს არ არის საჭორაო და ტელევიზიით განსახილველი თემები", - ამბობს კალაძე.

გუშინ, 4 სექტემბერს, რუსთავი 2-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ტელეკომპანიის განცხადებით, ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას წარმოადგენს. დოკუმენტის ავთენტურობას ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს, ქიბარ ხალვაში კი უარყოფს.

რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს საქართველოს უზენაესი სასამართლო დღეს, 5 სექტემბერს განიხილავს. განხილვა ზეპირი მოსმენის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ის იურისტებმა უზენაეს სასამართლოში ოქრუაშვილი-ხალვაშის შეთანხმების დოკუმენტი წარადგინეს. იურისტების შეფასებით, დოკუმენტმა მთლიანად უნდა შეცვალოს საქმის მსვლელობა. მათი აზრით, დოკუმენტმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელის დასაშვებობა და შემდეგ, მისი დაკმაყოფილება. დოკუმენტთან ერთად, ადვოკატებმა სასამართლოში გუშინ გასული გადაცემის ვიდეოჩანაწერიც წარადგინეს, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი ლევან ალაფიშვილი ადასტურებენ შეთანხმების არსებობას.

კომენტარები