არჩევნები 2016

კალაძე: ენმ-ს არეულობის შემოსატანად დაარსებული აქვს რაღაც ორგანიზაცია

facebook.com/kakhakaladzeofficial

საქართველოს ვიცეპრემიერი, კახა კალაძე გამოეხმაურა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან "მოსალოდნელი პროვოკაციების" შესახებ. კალაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. მისი მტკიცებით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც არეულობა სურს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.

"თქვენ ხედავთ, საარჩევნო კამპანია როგორ წყნარ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა პოლიტიკურ პარტიას ეძლევა შესაძლებლობა, რომ აწარმოოს საარჩევნო კამპანია, შეხვედრები მოსახლეობასთან, გააცნონ თავიანთი ხედვა, გეგმა ქვეყნის განვითარების. მათ არავინ არ დასდევს ხელკეტებით, ქვებით, როგორც ეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ არჩევნები ჩავატაროთ ძალიან მაღალ დონეზე. ერთადერთი ძალა, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს არჩევნები ცუდ ფორმატში გადაიყვანოს, ხელის შეშლები იყოს და ა.შ., ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ეს განცხადება, რომელიც ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა, ზუსტად ემსახურებოდა ამას", - თქვა კახა კალაძემ.

ჟურნალისტმა ვიცეპრემიერს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე საფუძველი ჩუგოშვილის განცხადებას, მან კახა კალაძეს ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაც შეახსენა ე.წ. საბურავებისა და ევრომაიდნის სცენარის შესახებ, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ ჩუგოშვილის განცხადება არა ე.წ. საბურავების თემას, არამედ მოსალოდნელ საშიშროებებს ეხებოდა. მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას შექმნილი აქვს ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც არეულობის მოწყობა იგეგმება.

"საბურავები ქალბატონი თამარ ჩუგოშვილისგან არ ყოფილა ხსენებული, აქ იყო საუბარი იმ საშიშროებებზე, რომელიც შეიძლება იქნეს განხორციელებული. დაარსებულია, თუ არ ვცდები, რაღაც ორგანიზაცია, რომლითაც აპირებენ გარკვეული არეულობების შემოტანას. ამის მაგალითები არის უკვე თუნდაც აჭარაში, ხელის შეშლები საარჩევნო კამპანიის დროს, მივარდნები და ა.შ.", - თქვა კალაძემ.

ცნობისათვის, თამარ ჩუგოშვილმა დღეს განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებს აგებს და ამიტომ არეულობას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს. ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში, მაშინდელმა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება". მაშინ ჭიკაიძე იმასაც ამტკიცებდა, რომ "იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება".

მსგავსი განცხადება ალექსანდრე ჭიკაიძემ რამდენიმე თვის შემდეგაც გააკეთა. ყოფილი შს მინისტრის თქმით, "გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები". მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები გასცა.

გარდა ამისა, 2015 წლის ოქტომბერში, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე. უწყება ეყრდნობოდა რუსულ სერვერებზე ატვირთული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებულ "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტს", რის საფუძველზეც, ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერიაც დაკითხეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ ლევან იზორიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეთქმულების ფაქტზე, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.

კომენტარები