არჩევნები 2016

გიგაური და ნაცვლიშვილი ტაბულას კითხვას თავს არიდებენ

PIA.GE

ტაბულა შეეცადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისა და საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილისგან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებაზე კომენტარი მოეპოვებინა, თუმცა მათ ტაბულასთან საუბარს თავი აარიდეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ ეკა გიგაური ვერ ახერხებდა კომენტარის გაკეთებას და ინტერვიუს ჩაწერა ლევან ნატროშვილთან შესთავაზეს. საია-ში კი ტაბულას ჟურნალისტს უთხრეს, რომ თუკი ორგანიზაციას რაიმე პოზიცია გააჩნდა ჩუგოშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ანა ნაცვლიშვილის მაგივრად, ვინმე სხვას ჩააწერინებდნენ. ამაზე ჟურნალისტმა საია-ს პრესსამსახრუს უარი უთხრა და კიდევ ერთხელ სთხოვა ანა ნაცვლიშვილის კომენტარი, რაზეც პრესსამსახურში განაცხადეს, რომ "გაარკვევდნენ" და ამის შემდეგ ტაბულას ზარებს აღარ პასუხოდბნენ.

ცნობისათვის, თამარ ჩუგოშვილმა დღეს განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებს აგებს და ამიტომ არეულობას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს. ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში, მაშინდელმა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება". მაშინ ჭიკაიძე იმასაც ამტკიცებდა, რომ "იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება".

მსგავსი განცხადება ალექსანდრე ჭიკაიძემ რამდენიმე თვის შემდეგაც გააკეთა. ყოფილი შს მინისტრის თქმით, "გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები". მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები გასცა.

გარდა ამისა, 2015 წლის ოქტომბერში, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე. უწყება ეყრდნობოდა რუსულ სერვერებზე ატვირთული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებულ "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტს", რის საფუძველზეც, ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერიაც დაკითხეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ ლევან იზორიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეთქმულების ფაქტზე, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.

კომენტარები