იარაღის ტარება

ფეიქრიშვილსა და ნიშნიანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

გიორგი ფეიქრიშვილსა და ნოდარ ნიშნიანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძების შესახებ თბილისის საქალქო სასამართლოში დღეს იმსჯელეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაკავებულების ოჯახის წევრები აპროტესტებენ. ნიშნიანიძის შემთხვევაში, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ ნიშნიანიძე 2014 წელს ნასამართლევია გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში. დაცვის მხარე და ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა. ინფორმაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი ჯერჯერობით არ აქვს არც პროკურატურას.

რაც შეეხება ფეიქრიშვილს, მოსამართლის განმარტებით, ფეიქრიშვილის პატიმრობაში დატოვების მიზეზი ის გახდა, რომ მან დაკავებისას მიმალვა სცადა.

თავად ბრალდებულები კი ამბობენ, რომ პოლიციის სამმართველოში მათზე ზეწოლა იყო, მტკიცებულებები კი ხელოვნურად შეიქმნა. მათივე თქმით, იარაღი სახლში არ ჰქონიათ და პოლიციამ ჩაუდო.

გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ოჯახის წევრები და თავად დაკავებულები ამ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ორივეს სახლში იარაღი პოლიციამ თავად შეიტანა.

კომენტარები