NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: რუსეთის პროტესტის მიუხედავად, NATO-ს კარი გაფართოებისთვის ღიაა

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთის პროტესტის მიუხედავად, გაფართოებას განაგრძობს. სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ ალიანსის წევრი 28 ქვეყნის და თავად საქართველოს გადასაწყვეტია. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის გაფართოების შესახებ რუსეთის პოზიციაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"NATO-სთვის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი გზა იმის ჩათვლით, თუ რომელი ალიანსის წევრობა სურს. ამ პრინციპს არა მარტო NATO, არამედ რუსეთიც და ყველა ევროპული სახელმწიფოც აღიარებს, დიდი ხანია, 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმების შემდეგ. აქედან ყველა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის, ისეთის, როგორიც საქართველოა, ფუნდამენტური უფლებაა, თავად აირჩიოს, გახდეს თუ არა ამა თუ იმ ალიანსის წევრი. ეს არის დამოუკიდებელი ერის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ასე რომ, გახდება თუ არა საქართველო NATO-ს წევრი, არის ალიანსის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს გადასაწყვეტი. სხვა არავის არ გააჩნია არც ვეტოს და არც ამ პროცესში სხვაგვარად ჩარევის უფლება. ამას NATO მუდმივად ხაზს უსვამს - NATO-ს კარი ღიაა, რაც არა ერთხელ დადასტურდა. მიუხედავად პროტესტისა და რუსეთის პოზიციისგან, რომ ისინი არ მოიწონებდნენ ალიანსის გაფართოებას, NATO-მ განაგრძო გაფართოება. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით პროცესში, როდესაც 28 წევრი უნდა გადაიქცეს 29 წევრად, ვინაიდან ამჟამად მონტენეგრო ხდება NATO-ს 29-ე წევრი. ეს იმის ნიშანია, რომ NATO-ს კარი გაფართოებისთვის ღიაა და კიდევ ფუნქციონირებს. ეს, რა თქმა უნდა, ვრცელდება საქართველოზეც და ამიტომაც მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ბუქარესტში და აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ვარშავის სამიტზე" - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეს ეწვია. დელეგაციას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

კომენტარები