რუსული პროპაგანდა

ჯანელიძე: არ ვიცი ბიუჯეტიდან პრორუსული მედიის დაფინანსების ფაქტებზე

მიხეილ ჯანელიძე
რუსთავი 2

თბილისში გამართულ კონფერენციაზე "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მზარდ რუსულ საფრთხეებზე იმსჯელეს. ერთ-ერთ დღევანდელ პანელზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ებრძვის, რაზეც ტაბულას დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შეახსენა, რომ, პირიქით, მთავრობა პრორუსულ მედიას რეკლამის დაკვეთის გზით ახალისებს.

"საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურად ებრძვის რუსულ პროპაგანდას. სინამდვილეში ხელისუფლება ათასობით და ათიათასობით გადასახადების გადამხდელის ფულს უხდის რუსული პროპაგანდის მანქანებს - პრორუსულ მედიას საქართველოში. მთავრობა ამას იმით ხსნის, რომ "ჩვენ დემოკრატიულები ვართ და ყველას ერთნაირად ვექცევით". ეს არის დიდი ტყუილი, იმიტომ, რომ ტაბულას საქართველოს ბიუჯეტიდან თეთრი არ მიუღია - რეკლამის განთავსებით, თუ სხვა გზით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტაბულას ინტერნეტში ბევრი მკითხველი ჰყავს. ამავდროულად, პროდასავლური მედია - რუსთავი 2 და ტაბულა იდევნება", - მიმართა ჩერგოლეიშვილმა ჯანელიძეს.

ტაბულას დირექტორის კომენტარზე საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან რუსული პროპაგანდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. 

"როდესაც ვსაუბრობდი საქართველოს ხელისუფლების რუსულ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ვლაპარაკობდი ციფრებზე, რომელიც აჩვენებს შედეგს. როდესაც საუბარია რეკლამების განთავსებაზე, მე არ ვიცი კონკრეტული ფაქტები, მაგრამ გამიხარდება, თუ დეტალურად ვისაუბრებთ მათზე. თუ არის რაიმე დარღვევა ან ქმედება, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს, ყოველთვის ამ ინტერესების დაცვის მხარეს ვიქნებით", - თქვა ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ მედიის განვითარების ფონდმა რამდენიმე კვლევა ჩაატარა ბიუჯეტიდან ანტიდასავლური და პრორუსული მედიის დაფინანსების შესახებ. ანგარიშის თანახმად, ესენია მედია-კავშირი ობიექტივი, გაზეთები "საქართველოს რესპუბლიკა", "ალია", "კვირის ქრონიკა", "ასავალ-დასავალი" და სხვა.

კომენტარები