კრიმინალი

შსს: დაკავებული მინდია ოჯახიშვილის ახლობლებმა ექიმს სცემეს, დაწყებულია გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოჭიდავე მინდია ოჯახიშვილის ახლობლების მხრიდან ექიმის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული სპორტსმენის ოჯახის წევრებმა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი სიცრუეში დაადანაშაულეს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან, შსს-ს მინდია ოჯახიშვილის ცემის ფაქტს უარყოფს. უწყების განმარტებით, ბრალდებული საავადმყოფოში თავის ტკივილის გამო გადაიყვანეს, გამოკვლევის შემდეგ კი, წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. ცნობისთვის, 1988 წელს დაბადებული მინდია ოჯახიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 

"დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანილი მინდია ო., კანონის შესაბამისად, იზოლატორის ექიმმა შეამოწმა, რა დროსაც ბრალდებულმა აღნიშნა, რომ თავის ტკივილი აწუხებდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მინდია ოჯახიშვილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაკავებულს მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მას ჯანმრთელობის პრობლემები და ასევე, სხეულზე მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, მისი საავადმყოფოში დარჩენის საფუძველი არ არსებობდა.

პარალელურად, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში შეიკრიბნენ მინდია ო.-ს ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც დაკავებულის ნახვას ითხოვდნენ, რაც კანონით აკრძალულია. სამართალდამცველებმა ბრალდებული კლინიკიდან გაწერის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ბრალდებულის ახლობლები საავადმყოფოში შეიჭრნენ. სამედიცინო პერსონალის განმარტების შემდეგ, რომ დაკავებული უკვე აღარ იმყოფებოდა კლინიკაში, ისინი სიცრუეში დაადანაშაულეს და ერთ-ერთ ექიმს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ექიმის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სამმართველოში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოჭიდავე მინდია ოჯახიშვილის ახლობლების მტკიცებით, სპორტსმენს იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მათივე თქმით, ოჯახიშვილს დაკავების დროს პოლიციელებმა სცემეს, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები