NATO-საქართველო

სტოლტენბერგი: მოგიწოდებთ, რეფორმების მიმართულებით პროგრესი გააგრძელოთ

AFP

NATO მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს პროგრესი ყველა აღნიშნული რეფორმის მიმართულებით და ჩვენ ვადასტურებთ, რომ NATO გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას, რომ დაეხმაროს საქართველოს NATO-ს წევრობაში, - ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეიზდენტის სასახლეში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ, როგორც ნატოს წევრობის ასპირანტმა ქვეყანამ, რეფორმების თვალსაზრისით შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა.

"საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზული მსხვერპლი გაიღო ევროატლანტიკური ერთობლივი უსაფრთხოებისთვის, რისთვისაც ღრმად მადლიერები ვართ. ჩვენი ვიზიტი და შეხვედრები ხაზს უსვამს NATO-ს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ვარშავის სამიტზე. როგორც NATO-ს წევრობის ასპირანტმა ქვეყანამ, საქართველომ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა არსებითი რეფორმების თვალსაზრისით - კანონის უზენაესობის გაძლიერების, სასამართლო რეფორმის, თავდაცვის და უსაფრთხოების წინსვლისა და უფრო სრულყოფილი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად გაიმართება. NATO მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს პროგრესი ყველა აღნიშნული რეფორმის მიმართულებით და ჩვენ ვადასტურებთ, რომ NATO გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას, რომ დაეხმაროს საქართველოს NATO-ს წევრობაში. კიდევ ერთხელ, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და თქვენი წვლილისთვის NATO-სა და საქართველოს მეგობრობის განმტკიცებაში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა, რის შემდეგაც საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.

 

კომენტარები