NATO- საქართველო

პრეზიდენტი: რუსეთთან არა კონფრონტაციას, არამედ დეოკუპაციის გზებს ვეძებთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის განვითარების გზად აღიქვამს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

მარგველაშვილმა გამართულ სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ოკუპაციით ვერ მოიგეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგანაც მათ ძალიან გაურკვეველი პერსპექტივა აქვთ.

"სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვმუშაობთ დაპირისპირებულ პარადიგმაში. დღეს ხდება ახალგაზრდა დემოკრატიების და მათ შორის საქართველოს დასჯა იმ მცდელობებისათვის, რომელიც ჩვენ გვაქვს დასავლური ინტეგრაციის გზით. ეს არის გამოწვევა ყველა ჩვენთაგანისათვის, მათ შორის NATO-სათვისაც და ეს პროცესი ჩვენს საერთო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური პრობლემაა, მის გადაჭრაშიც ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ.

სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ვერცერთი ქვეყნის, მათ შორის იმ ქვეყნის, რომელთანაც გვაქვს სირთულეები, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ანუ რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული საქართველოს, ან რომელიმე მეზობელი ქვეყნის ოკუპაციის გზით. 21-ე საუკუნეში ადამიანებს შორის გამყოფი კედლების აგება არის აბსოლუტურად არაბუნებრივი და არარეალისტური. ამ კონფრონტაციას არ აქვს შედეგი, ამ კონფრონტაციის პროცესში ყველა მხარე წაგებულია.

საქართველოს ოკუპაციით რუსეთმა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, როგორც ქვეყანას, რომელიც დინამიურად ვითარდება რეგიონში. საქართველოს ოკუპაციით ვერ მოიგეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგანაც მათ ძალიან გაურკვეველი პერსპექტივა აქვთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, საქართველო რუსეთთან არა კონფრონტაციას, არამედ დეოკუპაციის გზებს ეძებს.

"საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით რუსეთმა თავის თავს მიაყენა სერიოზული დარტყმა თავისი საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით. ეს აბსურდული პარადიგმა უნდა შეიცვალოს და მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის განვითარების გზად აღიქვამს. საქართველოს პარტიებმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებისა სხვადასხვა საკითხებზე, სწორედ ვარშავის სამიტის წინ ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელშიც ხაზი გაუსვეს მათ ერთიანობას და მტკიცე არჩევანს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით.

დეკლარაცია გავიზიარე მე, გაიზიარეს და მხარი დაუჭირეს მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმინისტრმა. ამ პროცესის გაგრძელება ის დემოკრატიული არჩევნებია, რომლის ჩატარების პროცესში ჩვენ ვიმყოფებით და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა, რის შემდეგაც საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.

კომენტარები