კრიმინალი

ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით, ორი პირი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დადგინდა, რომ მოქალაქეები გოგიტა უბილავა და ნუკრი პერტახია სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ პლასტიკურ ბარათებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ჰაკერული გზით გადმოჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი პლასტიკური ბარათების მონაცემები და შემდგომ იყენებდნენ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ნივთის შესაძენად. საგამოძიებო სამსახური აღნიშნავს, რომ ბრალდებულები შეძენილ პროდუქციას ყიდდნენ და იღებდნენ ფინანსურ სარგებელს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები