არჩევნები 2016

ჯაფარიძე: მინდა, რომ გირჩის უფრო მეტ წევრს ჰქონდეს პოლიტიკური გამოცდილება

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის, რომ თავად საარჩევნო ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის სიის მე-12 ნომერია და ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია მე-4 და მე-6 ადგილებს ინაწილებენ, მისივე გადაწყვეტილებაა. ჯაფარიძის თქმით, მას სურს, გირჩის უფრო მეტმა წევრმა შეიძინოს პოლიტიკური გამოცდილება. მან ისიც აღნიშნა, რომ ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია ზუსტად იმავე ღირებულებების მატარებლები არიან, რისიც - თავად.

"პირველივე დღიდან, როდესაც განვაცხადე, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვაფუძნებდი ახალ პოლიტიკურ ცენტრს - გირჩს, მაშინვე ჩემი გაცხადებული მიზანი იყო, რომ კარი უნდა გამეხსნა ახალი ადამიანებისთვის პოლიტიკაში. ცხადია, მქონდა არჩევანი, რომ ვყოფილიყავი სიის თავში. ჩემი ცნობიერი არჩევანი იყო ის, რომ სხვა ადამიანებისთვის გირჩიდან, რომლებიც ჩემგან პრინციპულად არაფრით განსხვავდებიან, გარდა იმისა, რომ მე პარლამენტში ყოფნის პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, ისინი არიან ისეთივე პრინციპულები, იმ ღირებულებების მატარებლები, რა ღირებულებების მატარებელიც მე ვარ, [დამეთმო საარჩევნო სიაში ადგილი]. მე მგონია, რომ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი იქნებიან გამორჩეული პარლამენტარები. ძალიან ცოტა ადამიანი ვიცი ამ ქვეყანაში, ვისაც ასე სწორად აქვს გააზრებული, რა სჭირდება ქვეყნის ეკონომიკას, სოციალური დახმარების სისტემას რეფორმირების თვალსაზრისით, როგორ უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის, განათლების ან სასამართლო სისტემა. ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა ხედვებში. ერთადერთი, რაც მე განმასხვავებს მათგან, არის ის, რომ მე მაქვს პოლიტიკური გამოცდილება. მინდა, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის უფრო მეტ წარმომადგენელს ჰქონდეს პოლიტიკური გამოცდილება" , - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ იმის მეორე მიზეზად, რატომაც ის მე-12 ნომერია სიაში, დაასახელა ის, რომ იგი ვაკეში მაჟორიტარად იყრის კენჭს. მისი განმარტებით, მას უკვე აქვს პარტიული სიით პარლამენტში შესვლის გამოცდილება და ახლა სურს, მაჟორიტარული არჩევნები მოიგოს. ჯაფარიძის თქმით, უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ის სიაში მე-12 ნომერია, არის მისი ინტერესი, რომ "რაც შეიძლება, მეტი სწორი ღირებულებების მქონე ადამიანი მოხვდეს პარლამენტში".

"მე დავდექი მაჟორიტარად ვაკეში - უბანში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ მთელი ჩემი ცხოვრებაა. უკვე მაქვს იმის გამოცდილება, რომ პარლამენტში შევედი პარტიის სიით, მაშინ ენმ-ის სიით. ახლა ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ მხარდაჭერა მოვიპოვო კონკრეტული ამომრჩევლისგან, ამიტომ ვაპირებ, რომ ეს თვე ვაკელების მხარდაჭერის მოპოვებას დავუთმო. მაქვს ეს მიზანი და პოზიტიური მოლოდინი, რომ არჩევნებს მოვიგებ, როგორც მაჟორიტარი. მთავარი მიზეზი არის ის, რომ მე რაც ვთქვი, ვასრულებ - მანამ, სანამ გირჩის თავმჯდომარე და ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, იქ არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავით გაეთხრებიან სადღაც პირველ ნომრებად და ა.შ. ჩემი ინტერესი ეს არ არის, ჩემი ინტერესი არის ის, რომ პარლამენტში იყოს რაც შეიძლება მეტი სწორი ღირებულებების მქონდე ადამიანი. გირჩში ყოველთვის იქნება პლატფორმა, რომ ასეთ ადამიანებს გაუხსნას გზა", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

საარჩევნო ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის" პროპორციული სიის პირველი 12 წევრი პაატა ბურჭულაძემ გუშინ წარადგინა. სიის პირველი ნომერი თავად ბურჭულაძე, მეორე - გიორგი ვაშაძე, მესამე - დავით ჯანდიერი, მეოთხე - ვახტანგ მეგრელიშვილი, ხოლო - მეხუთე ირაკლი ყიფიანი. ათეულში ასევე არიან იაგო ხვიჩია, დავით კიზირია, გიორგი მელაძე, მელორ ტყეშელაშვილი და მამუკა კაციტაძე. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ის საარჩევნო სიაში მე-12 ადგილს იკავებს.

კომენტარები