არჩევნები 2016

ლაგაზიძე: ბურჭულაძის გუნდის მოსვლა ხელისუფლებაში საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებას

პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვების შემდეგ ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. ლაგაზიძის თქმით, მას აიძულეს, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება.

"პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი პარტია სტრუქტურებით, წევრებით, ლიდერებით და ამომრჩევლით. ეს იყო გადამწყვეტი. ამის დასტური გახლდათ ის საარჩევნო სია, რომელიც პაატა ბურჭულაძის ბლოკმა წარადგინა. სია ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, ეს არის პაატა ბურჭულაძის ზურგს უკან გამყიდველი ნაციონალების და, გარდა ამისა, კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების სერიოზული ზეწოლით დაკომპლექტებული სია. ბურჭულაძე, ფაქტობრივად, არის ამ კრიმინალური მენტალობის მქონე ჯგუფის მძევალი გარკვეულწილად. ამ გუნდის მოსვლა თუნდაც მცირე დოზით ხელისუფლებაში, საფრთხეს უქმნის ზოგადად საქართველოს საზოგადოებას და სტაბილურობას.

მე ვსაუბრობ კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ყოფნაზე პარტიის საარჩევნო შტაბში. ერთ-ერთი მთავარი გახლავთ გოგა კალაძე, რომელიც დღეს წარმოადგენს აჭარაში პაატა ბურჭულაძის ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ნომერს. მე ვიტყოდი, ეს არის აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა პაატა ბურჭულაძის მხრიდან. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მძიმე ცოდვებით დამძიმებული წარსული და სწორედ იმ იძულების ფორმებიდან, რითიც მე, ფაქტობრივად, მაიძულეს, დამეტოვებინა პარტია, მაქვს სრული საფუძველი, განვაცხადო, რომ დღეს მე და ჩემი ოჯახი ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე", - თქვა ლაგაზიძემ.

ლაგაზიძემ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს. ამასთან, მისივე თქმით, უსაფრთხოების გამო პირადი დაცვით გადაადგილდება.

კომენტარები