არჩევნები 2016

გოცირიძე: ქართული ოცნების პროგრამა ტრადიციულად ცრუ დაპირებებითაა სავსე

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა ხელისუფლების იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა.

"ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა ხელისუფლების მიერ გატარებული იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა. აღნიშნული პროგრამის ძირითადი წყარო მთავრობის მიერ მკვდრადშობილი ე.წ. "პროგრამა 2020"-ია, რომელიც თაროზე შემოდეს და მთავრობის ე.წ. 4-პუნქტიანი გეგმით ჩაანაცვლეს. პროგრამაში მხოლოდ ზოგადი დაპირებებია და მთავრობის მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობასთან საერთო არაფერი აქვს.

პროგრამაში არაფერია ახალი, ეს არის ეკლექტური, რეტროგრადული დოკუმენტი, ტრადიციულად ცრუ დაპირებებით სავსე, რომლებიც ეკონომიკურ და სოციალური ცხოვრების ყველა სპრობლემის გადაჭრას ისედაც მწირი ბიუჯეტით გულისხმობს. მაგალითად - კომიკურ სახეს იძენს ის დაპირება, რომ სამ-ნახევარ მილიარდ დოლარს დახარჯავენ, ანუ 8 მილიარდ ლარზე მეტს, ახალი გზების მშენებლობაზე, რაც საქართველოს თითქმის ერთი წლის ბიუჯეტია. ეს მაშინ, როდესაც ეს გზები მხოლოდ იდეის დონეზეა და დაპროექტებაც კი არ არის დაწყებული, რომ არაფერი ვთქვათ მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე.

მთავრობამ უკვე გამზადებული მშენებარე და ფინანსურად უზრუნველყოფილი გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები ჩაიბარა და მათი განხორციელებაც კი ვერ შეძლო. მთავრობა, რომელმაც 4 წელიწადში გორიდან ხაშურამდეც კი ვერ მიიყვანა დაწყებული პროექტი, მსგავსი ახალ-ახალი ზღაპრებით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას", - ამბობს გოცირიძე.

გოცირიძესვე თქმით, პროგრამაში ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს მომავლის ხედვა. "სჯერათ, რომ რასაც აკეთებდნენ, სწორი იყო და არ აპირებენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. ეს პროგრამა ისეთივე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც მათი წინამორბედი დოკუმენტები, რადგან იგი რეალობას მოწყვეტილია და ქვეყნის განვითარების საფუძველი ვერ გახდება".

კომენტარები