რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: რ2-ის პირველ გამარჯვებას ვულოცავ ქართველ საზოგადოებას

thedailybeast.com

რუსთავის 2-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის სარჩელის დაშვებაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიულოცა ქართველ საზოგადოებასა და უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლეს, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს.

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და ის განიხილება უზენაეს სასამართლოში. მინდა მივულოცო ქართველ საზოგადოებას ჩვენი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ამ გზაზე. მინდა ვუსურვო ჩვენ თავსაც და ქართველ საზოგადოებას შემდგომი გამარჯვებები ჩვენს საქმეშიც და საერთო საქმეშიც, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობა ჰქვია. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და დღევანდელი შედეგი ცხადყოფს, რომ ბძროლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როცა ყველა და ყველაფერი შენ წინააღმდეგაა სახელისუფლებო აპარატში, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა შენ წინააღმდეგ მუშაობს. მაინც აქვს აზრი, მაინც არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც წესს აუცილებლად გადაუხვევენ და, სამწუხაროდ, წესი დღეს დაკვეთილი სასამართლო გადაწყვეტილებებია დღეს საქართველოში. მადლობას ვუხდი და ვულოცავ სამ მოსამართლეს გამბედაობას, რომელიც მათ გამოიჩინეს - ქალბატონ გასიტაშვილს და ბატონ ქათამაძესა და ბატონ ალავიძეს. მათ ნამდვილად მიიღეს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო" - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ, ასევე, აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, აღნიშნული გადაწყვეტილება არაა უნაკლო. მისი განმარტებით, განჩინების ერთ-ერთი პუნქტი, რომლითაც რ2-ის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დადგინდა, პრობლემატურია, რადგან აღნიშნული საქმე წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს. ნიკა გვარამიას თქმით, რუსთავი 2 აუცილებლად მიმართავს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ საქმის ზეპირი განხილვა დანიშნოს.

„რაც შეეხება შემდგომ გეგმებს, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მიიღო, ნამდვილად არაა უნაკლო. ვფიქრობთ, რომ დადგენილებითი ნაწილის ერთ-ერთი პუნქტი საკმაოდ პრობლემატურია. კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა ჩვენი საქმის უკვე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სასამართლომ უნდა მისდიოს ზოგად წესს, მითუმეტეს, როცა საქმე ძალიან კომპლექსურია და ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის. ეს საქმე, ცხადია, არაა მხოლოდ დავა მხარეებს შორის. ეს დავა არ არის მხოლოდ სახელმწიფოსა და ჩვენ შორის. ეს საქმე არის დავა, რომელიც აინტერესებს ასიათასობით ადამიანს და ჩვენ ვგეგმავთ სასამართლო დარბაზებში მიმდინარე პროცესების მათთვის ჩვენებას, როგორც ამას ვაკეთებდით პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში. საზოგადოებას ეს სურს, საზოგადოება ამას იმსახურებს და ეს არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე. ეს არის იმგვარი საქმე, სადაც მხარეთა ახსნა-განმარტებები ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ წერილობით წარდგენილი დოკუმენტაცია, ჩვენ ვფიქრობთ და ლოგიკურია, რომ არ იქნებოდა საკმარისი, ამიტომ ჩვენ აუცილებლად მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, დანიშნოს საქმის ზეპირი განხილვა და ამ განხილვებზე მოგვეცეს ჩვენი პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა, მათ შორის მე, იმ ადვოკატებს, რომლებიც გაძევებულნი იყვნენ წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ და მოკლებული იყვნენ ამ შესაძლებლობას და საზოგადოებას, რათა ნახოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი პროცესი. ვფიქრობ, რომ ეს შუამდგომლობა ნამდვილად დაკმაყოფილების ღირსია და ამ შუამდგომლობით აუცილებლად მივმართავთ უზენაეს სასამართლოს", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებსაც, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციას აფიქსირებდნენ.

„რუსთავი 2-მა გაიმარჯვა. თქვენ, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო, გაიმარჯვეთ. გაიმარჯვა არასამთავრობო სექტორმა, რომელიც მუდმივად ჩვენ გვერდით იყო, პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მკაფიოდ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას (ვგულისხმობ პარტიებს, რომლებსაც თავმოყვარეობა და სამშობლოს სიყვარული აქვს) და, რაც მთავარია, ქართულმა მართლმსაჯულებამ. უზენაესმა სასამართლომ გადაარჩინა საერთო სასამართლოების და ქვეყნის იმიჯი. დროებით, მაგრამ ეს ასეა. ჩვენ, მართლმსაჯულების და ქვეყნის გამარჯვებამდე ამ საქმეში დარჩენილია საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდება სრულად", - თქვა ნიკა გვარამიამ.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივარი დასაშვებად ცნო. ამის შესახებ განჩინება უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

 

კომენტარები